2013 საპრეზიდენტო

წინასაარჩევნო პრესის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში (პრესრელიზი)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  2013 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მოიცავს პრესის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე. საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდოლოგიით დაკვირვება ხორციელდება შემდეგ გაზეთებზე: რეზონანსი, 24 საათი, ახალი თაობა, ახალი ვერსია, ალია, ასავალ-დასავალი და კვირის პალიტრა.  

ერთი თვის განმავლობაში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული გამოცემები უყურადღებოდ არ ტოვებდნენ არც ერთ აქტუალურ მოვლენას და მათთან დაკავშირებით აქვეყნებდნენ ვრცელ ინტერვიუებსა თუ ანალიტიკურ სტატიებს.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმოთ პრეზიდენტს, პრემიერს, მთავრობას, კოალიცია ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ტონი მათ მიმართ არაერთგვაროვანი იყო.

საარჩევნო თემატიკა მონიტორინგის ერთი თვის განმავლობაში აქტუალური იყო, თუმცა მსჯელობა კანდიდატებსა და მათ პროგრამაზე იშვიათად ხდებოდა.  ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ ის კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილნი არიან.
გაზეთების უმრავლესობა ცდილობდა დაეცვა ჟურნალისტური სტანდარტები, მრავალმხრივი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინათ მკითხველებისთვის, თუმცა დაფიქსირდა დარღვევებიც. 2012 წლის მონიტორინგის მსგავსად, წელსაც განსაკუთრებით საყურადღებოა არაეთიკური გამოთქმების გამოყენება და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლენა გაზეთის ფურცლებზე სხვადასხვა ადამიანისა და ადამიანთა ჯგუფის მიმართ ცალკეულ გამოცემაში. 

ანგარიში განთავსებულია სამართლიანი არჩევნების ვებ-გვერდზე www.isfed.ge და ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ ვებ-გვერდზე www.mediamonitor.ge. ISFED მორიგ ანგარიშს წარადგენს 2013 წლის სექტემბერში. 

მონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში, რომელის მიზანია საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედია გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის საარჩევნო მონიტორინგი. პრესის მონიტორინგი დაიწყო 15 ივნისს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით.