2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

არჩევნების დღის შედეგები (პრესრელიზი)

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 28 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 800-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 32 მობილური ჯგუფი.  

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
 4 თვითმმართველ ქალაქსა (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 თვითმმართველ თემში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე;
 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვერელი, მარტვილი, თიანეთი) არჩევნების დღის მონიტორინგს ორგანიზაცია მობილური ჯგუფების მეშვეობით განახორციელებს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა. 2003 წლიდან, ანუ 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 12 ივლისის არჩევნები რიგით მეცხრეა, როდესაც ორგანიზაციამ PVT მეთოდოლოგია საარჩევნო დღისა და პროცესის შედეგების შეფასებისთვის გამოიყენა.

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველი ირჩევდა 8 მერს და 13 გამგებელს იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ვერ დააგროვეს ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა (50%+1). 

ძირითადი  დასკვნები

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ქართული არჩევნების ისტორიაში. მეორე ტურის ჩატარების საჭიროებამ დაადასტურა, რომ საქართველოში კონკურენტული საარჩევნო გარემო ვითარდება, რა დროსაც არც ერთ პარტიას, მათ შორის მმართველ ძალას, გარანტირებული არა აქვს არჩევნებში გამარჯვება პირველივე ტურში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულით ქვეყანაში არჩევნების ჩატარების უფრო დემოკრატიული სტანდარტი შეიქმნა. 

რაც შეეხება არჩევნების დღის შეფასებას, „სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. სამწუხაროდ, ცალკეულ საარჩევნო ოლქებში საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული შემთხვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების გარეთ, ისინი ვერ მოხვდა ,,სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით დაკვირვების არეალში. არჩევნების დღეს გამოიკვეთა ერთი საყურადღებო ტენდენცია, როდესაც 19 საარჩევნო ოლქის  73 საარჩევნო უბანზე მისული 140 ამომრჩეველი არ იყო საარჩევნო სიებში რეგისტრირებული. ამათგან 53 ამომრჩეველმა განაცხადა, რომ 15 ივინისის არჩევნების პირველ ტურში მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრისა და ხმის დათვლის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. რამდენიმე უბანზე გამოვლინდა ისეთი სახის პროცედურული ხარვეზები,  რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ერთი გამონაკლისის გარდა ,,სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს მიეცა დაკვირვების შეუზღუდავად განხორციელებისა და რეაგირების შესაძლებლობა. 

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100%-ისგან.