2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

III შუალედური ანგარიში

6 ივნისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა სავარაუდო ზეწოლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე.

„1 ივნისის მონაცემებით, 62 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნა 385-მა კანდიდატმა. პოლიტიკური გაერთიანებებისა და ადგილობრივი დამკვირვებლებისაგან მიღებული ინფორმაციით, 6 ოპოზიციური პარტიის ორმოცდაათამდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა სავარაუდო ზეწოლის შედეგად. ანგარიშში, ასევე, მოხვდა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით ზეწოლა-მუქარის 1 ფაქტი; სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი“,-ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

ანგარიშში მოხვდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის 1 ფაქტი, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე, დაფიქსირდა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა თუ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 4 ფაქტი.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორებმა დააფიქსირეს ჰომოფობიური განცხადების 3 შემთხვევა -, 2 „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატების, 1 - ბლოკი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მხრიდან.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადებებით ხდება სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში, რაც დაუშვებლად და საგანგაშოდ მიგვაჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები 2014 წლის 12 მაისიდან 1 ივნისამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 1181 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ. აღნიშნული შეხვედრებიდან კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა 586 შეხვედრა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 271, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“ - 128; „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ - 46; „საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ“ - 36; „საქართველოს გზამ“- 29; საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 28; „თვითმმართველობა ხალხს“- 9; „ხალხის პარტიამ“ - 6; „მწვანეთა პარტია“- 5; ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია 5.

III Shualeduri Angarishi6ivnisi2014