2016 საპარლამენტო არჩევნები

22 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებზე კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 22 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებს ზუგდიდისა და მარნეულის ოთხივე საარჩევნო უბანსა და ორივე საოლქო საარჩევნო კომისიაში აკვირდება. 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა მარნეულის #36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უბანზე ფართის სიმცირისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მედიისა და დამკვირვებლების მაღალი ინტერესის, ასევე ამომრჩევლის აქტივობის გამო, პრობლემები შეიქმნა ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგების კუთხით. ამავე უბანზე, გადასატანი ყუთის სია არასრულყოფილად იყო შევსებული, რაც შესაბამისი მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა.

როგორც მარნეულში, ასევე ზუგდიდში უბნების მიმდებარედ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, თუმცა რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს ხელი შეუწყონ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესის მშვიდ ვითარებაში დასრულებას. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში განმეორებითი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.