2016 საპარლამენტო არჩევნები

'პატრიოტთა ალიანსი' მოსახლეობას უფასო საკვებს ურიგებს, ISFED ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესწავლას მოითხოვს

„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ძმ. კაკაბაძეების ქუჩა 2 ნომერთან, საარჩევნო სუბიექტის, „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურიდან მოქალაქეებს უფასო საკვები პროდუქტი ურიგდებათ. 

ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ადგილზე 21 აგვისტოს, დღის 12 საათზე იმყოფებოდა.  მოქალაქეები მასთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ უფასო საკვები პროდუქტით ნებისმიერ მსურველს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, დღეში ორჯერ ამარაგებთ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ადასტურებს, რომ საკვებთან ერთად მოქალაქეებს აღნიშნული პარტიის სააგიტაციო ბეჭდური მასალაც გადაეცემათ.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა სცადა გასაუბრებოდა იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიგებდნენ საკვებს, თუმცა მათ უარი განაცხადეს პასუხზე და აგრესიული ტონით აიძულეს  ტერიტორიის  დატოვება. 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა და ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა,როდესაც იგი საარჩევნო სუბიექტის მიერ, ან სუბიექტის სასარგებლოდ ხორციელდება,საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალურ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს. 

„სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედებაა, რაზეც კომპეტენტურმა უწყებებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.

მივმართავთ საქართველოს აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ ჩვენს მიერ მათთვის გადაცემული მასალები და მოახდინონ სათანადო რეაგირება.