2017 ადგილობრივი თვითმმართველობა

ISFED 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

19 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს. ანგარიშში ასევე შეფასებულია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის სხვა ძირითადი აქტორების საქმიანობა. ამასთან ერთად, ორგანიზაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.  

„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციების მიხედვით, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რისთვისაც უნდა შეიქმნას ინკლუზიური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. 

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გადასახედია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ყველა დონეზე. გრძელვადიან მასშტაბში, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურ და მიუკერძოებელ ორგანოდ ჩამოსაყალიბებლად, მნიშვნელოვანია, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე გადასვლა. მოკლევადიან პერიოდში, პარტიული წარმომადგენლობის შენარჩუნების შემთხვევაში, აუცილებელია უპირატესობა მიენიჭოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ისეთ წესს, რომელიც დააბალანსებს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ამასთან, ორგანიზაციის პოზიციით, სასურველია შემცირდეს კომისიის წევრების რაოდენობა, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის სავალდებულო იყოს სერტიფიცირება.

გარდა ამისა, აუცილებელია „საარჩევნო კოდექსში“ გადაიხედოს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები და დაკონკრეტდეს ბუნდოვანი დებულებები, რათა გამოირიცხოს საარჩევნო კომისიების მიერ კანონის ნორმების არასწორი და არაერთგვაროვანი გამოყენება.

საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას თავი აარიდოს კანონის ვიწრო და სიტყვასიტყვით განმარტების პრაქტიკას და იმოქმედოს კანონის და ნორმის სულისკვეთების შესაბამისად. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა დონეზე, ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაციის გაწევის ფაქტებზე. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა მკაფიო რეაგირება უნდა მოახდინონ საარჩევნო კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების პროაქტიული გამოვლენა და დაუყოვნებლივი აღმოფხვრა. 

„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციები ასევე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო დავებისთვის დაწესებული შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სასამართლოში სარჩელის წარსადგენად შემუშავდეს გამარტივებული ფორმა. მნიშვნელოვანია მოსამართლეების უკეთ მომზადება საარჩევნო დავების განხილვის კუთხით. 

ძირითადი მიგნებები 

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა. მნიშვნელოვან გამოწვევას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები წარმოადგენდა, რაზეც ცესკოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. გარდა ამისა, საჩივრების განხილვის პროცესში, ცესკომ და საოლქო კომისიებმა ვერ შეძლეს ადეკვატურად ეპასუხათ საჯარო მოხელეთა მიერ სოციალური ქსელის გამოყენებით საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით უკანონო აგიტაციის ფაქტებზე. პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტების ფაქტები, რაც კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფასა და სამომავლო დარღვევების წახალისებას იწვევს. კვლავ ხარვეზიანი და არასაკმარისად გამჭვირვალე იყო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი. 

წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადი ტენდენციები იყო: ოპოზიციური კანდიდატებისა თუ აქტივისტების მიმართ ზეწოლა-მუქარის შემთხვევების მატება არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად; დეზინფორმაციის კამპანია სოციალურ მედიაში დასპონსორებული კონტენტის საშუალებით; მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა დაფინანსების კუთხით; ასევე, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ადგილობრივ ბიუჯეტებში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ზრდა. 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა არჩევნების პირველ და მეორე ტურებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო კომისიებში 325 საჩივარი წარადგინეს. დარღვევების უმეტესობა გამოწვეული იყო საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ნაკლებობით, განსაკუთრებით შემაჯამებელი ოქმების შედგენისას. საჩივრების განხილვის პროცესში საარჩევნო კომისიები თავს არიდებდნენ საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადოდ გამოკვლევას ან კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას და მხოლოდ კომისიის წევრების ახსნა-განმარტების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიები არასწორად იყენებდნენ და განმარტავდნენ საჩივრების წარდგენის ვადებს, არ ესმოდათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების არსი და დანიშნულება, თავს არიდებდნენ ადმინისტრაციული თუ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენებას, არასათანადო რეაგირებას ახდენდნენ დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვაზე და არ იღებდნენ სათანადოდ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს.  

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს, მეორე ტურს და არჩევნების შემდგომ პერიოდს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი მისიით და 1299 აკრედიტირებული დამკვირვებლით აკვირდებოდა.

ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ