დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 10-23 აგვისტო 

 

გიორგი ვაშაძის დაცინვა შოვის სტიქიაზე რეაგირებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო 

ფეისბუქზე გავრცელდა შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, კომენტარიდან ფრაგმენტი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ის ტანკებს მიიყვანდა და გადათხრიდა იქაურობას. სტიქიის ზონის ტანკებით გადათხრაზე აქცენტირებით, სარკასტული შინაარსის პოსტები გავრცელდა ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „არ აგარევინებთ“ და ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ სხვა გვერდებზე. 

 

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა საწინააღმდეგო გზავნილები შოვის სტიქიას გადარჩენილის მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენების გამო 

14 აგვისტოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ეჭვქვეშ დააყენა შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ მოყოლილი ინფორმაციის სანდოობა. მან განაცხადა, რომ დამეწყრილი გზის გადაკვეთა, რის შესახებაც ჯელაძე საუბრობდა, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. კობახიძის შემდეგ მსგავსი განცხადებები მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ამ განცხადებებს ფეისბუქზე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე კობახიძისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი პოსტების გავრცელება მოჰყვა.  

 

 

მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ფეისბუქგვერდებზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართა. სააკაშვილი „ერის სირცხვილად“ ცხადდებოდა, რის განსამტკიცებლად აქტიურად გამოიყენებოდა პროპაგანდის სხვადასხვა ტექნიკა. აღნიშნულ კამპანიაში ანონიმურ გვერდებთან ერთად, ჩართული იყო პროსახელისუფლებო მოძრაობა „არ აგარევინებთ“. 

 

ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტობამდე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ხუმრობის ამსახველი ვიდეოფრაგმენტებიც, რასაც თან გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები ახლდა.  

 

 

დამცინავი პოსტები კახა კალაძის მიერ ზიგმუნდ ფროიდის ციტატის გამოყენებასთან დაკავშირებით 

ფეისბუქზე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება გავრცელდა, რომელშიც იგი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქოანალიზის დამფუძნებლის, ზიგმუნდ ფროიდის, სიტყვებს ციტირებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გავრცელდა სარკასტული შინაარსის ფოტომანიპულაციები, რომლებიც ფროიდის ფოტოზე კალაძის სახეს გამოსახავდა. 

 

 

დეზინფორმაცია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა Ხაზარაძის, მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით 

21 აგვისტოს პროსახელისუფლებო ექსპერტმა, ზურაბ ქადაგიძემ, ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პარტია „ლელოს“ ლიდერის მოსკოვი-თბილისის რეისზე ყოფნაზე მიუთითა. მალევე აღნიშნული პოსტი პროსახელისუფლებო მედიასასშუალებებმაც გაავრცელეს. ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა გვერდებმა კი ხაზარაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია უშუალო მტკიცების ფორმით გამოაქვეყნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენდა. მოსკოვი-თბილისის რეისზე ყოფნა უარყო თავად ხაზარაძემ, რომელმაც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ წინა საღამოს არა მოსკოვიდან, არამედ ბათუმიდან ჩამოფრინდა თბილისში. ხაზარაძემ მოცემულ პოსტს ბათუმი-თბილისის რეისის ბილეთის ამსახველი ფოტოც დაურთო. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქგვერდიდან პოსტი წაიშალა, თუმცა სხვა გვერდებზე, ძირითადად, უცვლელად დარჩა. 

 

 

ფოტომანიპულაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ 

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ფეისბუქგვერდებზე ფოტომანიპულაციების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, წარმოადგენდა. ფოტომანიპულაციების გავრცელების პირველწყაროებს ადამ არშანიასა და ნუგზარ მეტრეველის სახელით მოქმედი ფესიბუქმომხმარებლები, აგრეთვე, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წარმოადგენდნენ. ფოტომანიპულაციები უკავშირდებოდა „ბლექ სი არენაზე“ ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჯგუფის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას აუდიტორიის პროტესტი, ხოლო ამ უკანასკნელს მის მიერ ძმობის შესახებ მოსაზრების გამოთქმა მოჰყვა. ერთ-ერთი ფოტომანიპულაცია, ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმიანებოდა. 

 

 

 

23 აგვისტოს ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე გაზიარებული იქნა 2020 წელს გავრცელებული ირაკლი ღარიბაშვილის გაყალბებული ციტატაც. მასში ტელეკომპანია „იმედის“ ახალი ამბების ვებ-პორტალის ჩარჩოს გამოყენებით, ღარიბაშვილს მიაწერდნენ განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდგორის ბრძოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. 

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ    

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.