განცხადებები

„სამართლიანი არჩევნები” საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის ინტერესებს სასამართლოში იცავს

2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 27-მა „სამართლიან არჩევნებს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით,  შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. 

2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჯამში რეგისტრირებული იყო 3205 პირი, რომელთაგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 1366 პირი. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება - წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება. გამოცდაზე გამოცხადებული 1839 ადამიანიდან გასაუბრების ეტაპზე 755  გადავიდა.  

2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება.   მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.

სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის:

  • რიგ შემთხვევებში, გასაუბრების ოქმებში ხელი მოწერილი აქვთ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდნენ;
  • გასაუბრების ოქმების ნაწილში ხელი არ აქვთ მოწერილი კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც გასაუბრებისას კითხვები დაუსვეს კანდიდატებს; 
  • მოწოდებული გასაუბრების ოქმებით არ დგინდება, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატები; 
  • დირექტორობის მსურველი კონკურსანტები აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპზე  მათთვის ცნობილი არ ყოფილა შეფასების კრიტერიუმები; მათი განცხადებით, კომისიის წევრების მიერ არ კეთდებოდა ჩანაწერები. სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოწოდებული ინფორმაციის1 თანახმად, კანდიდატები ფასდებოდნენ 6 კრიტერიუმის მიხედვით, თუმცა გასაუბრების ოქმებში არ იკვეთება კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტებისთვის, თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, მინიჭებული ქულების შესახებ ცხადი ინფორმაცია. ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ აღნიშნული კრიტერიუმები გასაუბრების შემდეგ, ოქმის შედგენისას, ფორმალურად მიუსადაგა შედეგებს;  
  • გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები მიუთითებს გასაუბრების ფორმალობაზე. გასაუბრება, ძირითადად, 7-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კანდიდატთა უმრავლესობას კომისიის წევრებმა 2-3 შეკითხვა დაუსვეს, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.

2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ. 

* * *

„სამართლიანი არჩევნები” დიდი ხანია, აკვირდება საჯარო სკოლების დირექტორთა გათავისუფლება-არჩევის პროცესებს, რა დროსაც   საჯარო სკოლების პოლიტიზების სერიოზული პრობლემები გამოვლინდა. საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილს ჯერ კიდევ 2020 წელს ამოეწურა უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა. 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა, თუმცა პანდემიის გამო, ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მათი უმრავლესობა (891 დირექტორი) მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ნაწილი (112 დირექტორი) კი - არა. ორგანიზაციის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყოფილი დირექტორები „სამართლიან არჩევნებთან” აცხადებდნენ, რომ ისინი წარმატებულ დირექტორებად ითვლებოდნენ და სამინისტროს მიერ მოულოდნელად, დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და დისკრიმინაციული იყო. მეტიც, დირექტორები მიუთითებდნენ სამინისტროს მხრიდან მიღებული სამადლობელი წერილისა თუ ჯილდოს შესახებ, რაც მათ მიერ ხარისხიანად შესრულებულ საქმიანობას უკავშირდებოდა. მათი თქმით, რესურსცენტრების მხრიდან მათ შესახებ უარყოფითი შეფასება, რომელიც მათ გათავისუფლებას დაედებოდა საფუძვლად, შეუძლებელია არსებულიყო. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ არსებობდა ერთგვარი „არასასურველი“ დირექტორების კატეგორია, რომელთა გამორჩევის საფუძელი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო. 

2022 წელს ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” ერთად, გამოაქვეყნა მამხილებლის მიერ მოწოდებული ფაილების გაანალიზების შედეგად მომზადებული კვლევა. მამხილებლის მიერ მოწოდებულ, სავარაუდოდ, 2020 წელს შედგენილ დოკუმენტში საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები იყო მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, დირექტორების შეფასებას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, მმართველი პარტია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებდნენ. ამ დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ის დირექტორები იყვნენ უარყოფითად შეფასებული, რომლებიც 2020-2021 წლებში სამინისტრომ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებად არ დანიშნა. 

არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში კანდიდატები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ფასდებიან და არა მათი კვალიფიკაციის, მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე, რითაც უგულვებელყოფილია სასკოლო განათლების პროცესის გაჯანსაღების ინტერესი.

„სამართლიანი არჩევნები”, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

info@isfed.ge

0 800 100 143

ზარი უფასოა.

 

განათლების სამინისტროს კორესპოდენციებით ირკვევა, რომ კომისიებმა კანდიდატები შეაფასეს 6 კრიტერიუმით: კანდიდატის მართვის სტილი, მოსაზრებებსა და შეხედულებების არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი, რეფლექსიის უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემოქმედებითი მიდგომა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. თითოეულ კრიტერიუმის მიხედვით აპლიკანტი ფასდებოდა 5 ქულიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება იყო 30 და მინიმალური - 18 ქულა.