განცხადებები

ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი ნელი ქარელი-კახიძე სამსახურში დაუყოვნებლივ აღადგინა და განაცდური ხელფასი მიაკუთვნა

ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ, 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ქარელი-კახიძის  სასარჩელო მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დააკმაყოფილა. ტყიბულის მერიას ქარელი-კახიძის სამსახურში აღდგენა დაევალა. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, 2022 წლის 1 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის   ანაზღაურების შესახებ. 

ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ, 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით,  დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების ადვოკატის შუამდგომლობაც და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და 3 თვის ხელფასის მუკუთვნების შესახებ გადაწყვეტილება.

ნელი ქარელი-კახიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა. უფრო მეტიც, მისი, როგორც მოხელის შეფასებები, საუკეთესო იყო. 2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი, ახალი პარტია დაარსა. მმართველმა პარტიამ მალევე დაიწყო საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული გახარიას მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების, ასვე, მათი ნათესავების, მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლება და შევიწროება.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” („სამართლიანი არჩევნები”) ჯერ კიდევ 2021 წლის 1 სექტემბერს მიუთითებდა[1] მოქმედ საჯარო მოხელეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე. ანგარიში შეეხო ტყიბულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებსაც.  5 აგვისტოს ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნელი ქარელი  საკუთარ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, გიორგი გახარიას პარტიაში ხომ არ იყო გადასული. მერმა მას ისიც უთხრა, რომ პარტია (იგულისხმება „ქართული ოცნება”)   მის სამსახურიდან გაშვებას ავალებდა. ჩუბინიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და უშუალოდ ნელი ქარელის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

2021 წლის 6 აგვისტოს  ტყიბულის მერის N ბ.74.74212183 ბრძანებით  შეიცვალა 2020 წლის დეკემბრის თვეში დამტკიცებული შიდა აუდიტორული შემოწმების 2021 წლის წლიური გეგმა  და პროცესების დაჩქარებით ნელი ქარელის სამსახურში აუდიტორიული შემოწმება დაიწყო 9 სექტემბრიდან, ნაცვლად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბრისა.

 

2021 წელში განხორციელებული შიდა აუდიტორიული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას სამსახურის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ შეუდგა. გათავისუფლებამდე მან გაცემული 23 რეკომენდაციიდან დროის მცირე მონაკვეთში  სრულად შეასრულა 18 რეკომენდაცია, ნაწილობრივ - 3, ხოლო შეუსრულებელი იყო 2 რეკომენდაცია, რასაც ახლდა შესაბამისი დასაბუთება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გაითვალისწინა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და 2022 წლის 31 მარტიდან ნელი ქარელი-კახიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. გასაჩივრებულ აქტებში არ არის დასაბუთებული მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, არ არის დასაბუთებული თუ რატომ იყო ნელი ქარელი-კახიძის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი და რატომ მოიცავდა პასუხიმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს.

 

ნელი ქარელი-კახიძე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში  ტყიბულის N57 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო სუბიექტის ,,გახარია-საქართველოსთვის’’ საკრებულოს წევრობის პარტიულ სიაში იყო. აქედან გამომდინარე, ნელი ქარელი-კახიძე მიიჩნევს, რომ გათავისუფლების რეალური მიზეზი  დისკრიმინაციული ხასიათისაა[2] და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში მის გაერთიანებას უკავშირდება.

 

ნელი ქარელი-კახიძემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა. მნიშვნელოვანია, რომ ქარელი-კახიძის სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაცვის მიზნით, „სამართლიან არჩევნებს” ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფით მიმართვა ორჯერ მოუხდა, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ დავის პროცესში აწარმოა რეორგანიზაცია და სადავო პოზიციას ფორმალურად შეუცვალა დასახელება, რაც წარმოშობდა რისკს, ნელი ქარელი-კახიძე ვერ აღდგენილიყო სამსახურში. 2022 წლის 6 მაისის განჩინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების” შუამდგომლობა მეორედ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რითაც მოსარჩელის ინტერესი აღდგენილიყო სადავო პოზიციაზე უზრუნველყოფილი იქნა.

 

 

ISFED, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

 

info@isfed.ge

0 800 100 143

ზარი უფასოა.