პოლიტიკის დოკუმენტები

10 წელი ბუქარესტის სამიტიდან: რატომ უნდა გააორმაგოს ნატო-მ ფსონი საქართველოზე

3 ივლისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ბრიუსელის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან, ევროპული პოლიტიკის ცენტრთან (European Policy Centre - EPC) ერთად უმასპინძლა ღონისძიებას „10 წელი ბუქარესტის სამიტიდან: ნატო-საქართველოს ურთიერთობები“. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციებმა ერთობლივი პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართეს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ნატო-ს მოახლოებული სამიტის კონტექსტში, მიმოხილულია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება და წარმოდგენილია რეკომენდაციები ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებისთვის. 

„ნატო-ს ბრიუსელის სამიტი, რომელიც 2018 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, ალიანსისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს საერთო ინტერესები და ფასეულობები აკავშირებს, დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ დასაყრდენს სთავაზობს. ალიანსმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს საქართველოს წევრობის მიმართ მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე.” - ნათქვამია დოკუმენტში. 

ISFED და EPC რეკომენდაციებში მთავარ აქცენტს აკეთებენ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რამაც საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას უნდა შეუწყოს ხელი და საქართველო ალიანსის წევრობასთან დააახლოვოს. აღსანიშნავია ახალი ინიციატივების მნიშვნელობა, კერძოდ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატო-ს მიერ სტრატეგიის შემუშავება და ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური ჩართულობა. 

დოკუმენტში ხაზგასმულია ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მნიშვნელობა. კონკრეტულად, სოციალური მედიის საშუალებით წარმოებულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციის კამპანიებთან გასამკლავებლად შესაბამისი ძალისხმევის გააქტიურება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პრიორიტეტად იქნას მიჩნეული სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინაციის გაძლიერება და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება. 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში ალიანსმა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და დაგმოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ასევე, მოუწოდოს მოსკოვს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული მოვალეობების სრულად შესრულებისკენ და ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ნატო არ აღიარებს გავლენის სფეროებსა და რუსეთის ძალისხმევას, ევროპაში გაავლოს ახალი წითელი ხაზი. 

გაწევრიანების ინსტრუმენტებზე საუბრისას, პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს წევრობა არ უნდა იყოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) დამოკიდებული. როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისე, წლიური ეროვნული პროგრამა, ორივე წარმოადგენს ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობისა და წევრობისათვის მზადების 'გზამკვლევს'. შესაბამისად, ორივე მათგანი აღიარებული უნდა იქნას ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ძირითად ინსტრუმენტებად. 

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ კონფერენციაზე დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. „სამართლიანი არჩევნებისა“ და ევროპული პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.