პრესრელიზები

ISFED ცესკოს „პატრიოტთა ალიანსის“ ვიდეორგოლების თაობაზე მიმართავს

დღეს, 2 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ Facebook გვერდზე განთავსებული 6 საარჩევნო კლიპისა და მათი გამოყენებით შექმნილი Facebook რეკლამების თაობაზე, რომლებიც შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს. 

თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ „ფეისბუქ“ მომხმარებელს მოიცავს.

თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება - „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, შემდეგი მოწოდებით გამოდის: „დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს.“

საარჩევნო რეკლამებში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები თურქეთს წარმოაჩენენ დაუძინებელ მტრად, რომელიც ლამობს საქართველოს კუთხეების: აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის მიტაცებას. ამასთან, ვიდეორგოლებში ღრმა ისტორიული წარსული წარმოჩენილია მყისიერ და არსებულ საფრთხედ. 

საგულისხმოა, რომ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, „პატრიოტთა ალიანსმა“, ბათუმი-სარფის  მაგისტრალზე განათავსა სარეკლამო ბანერი, სადაც პარტიის დასახელების, მისი ლიდერების და საარჩევნო ნომრის გვერდით, გამოსახული იყო საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიად, ასევე, მონიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტად მითითებული იყო თურქეთი, რაც მიუთითებს პარტიის განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის  მიმართ.

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული აღნიშნული ვიდეორეკლამები პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, საფრთხეს უქმნის საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობის გაღვივების ნიშნებს და მიმართულია რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების წაქეზებისკენ. 

საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ცესკოს:

  • პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და წარუდგინოს ის სასამართლოს.
  • ვიდეორგოლების შინაარსისა და მისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, მოუწოდოს პარტიას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.