განცხადებები

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელი განცხადება

1. შესავალი და ძირითადი დასკვნები 

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად, მნიშვნელოვანია მთლიანი საარჩევნო პროცესების შეფასება, რაც გულისხმობს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის დეტალურ ანალიზსა და მის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას. 

„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.  

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. „სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს.  

 

2. წინასაარჩევნო პერიოდი 

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, მის ხელთ არსებული სახელმწიფო რესურსების გამო. ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამის ინიციირებასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის სააგიტაციო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო ჩამორთმევის ფაქტებმა, რაც წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლისა და ამომრჩევლის ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლის მცდელობას. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა ონლაინ გამოცემა „ბათუმელების” სტატია,1  სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ადგენს „ქართული ოცნება” ამომრჩეველთა შესახებ დოსიეებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით. მმართველი პარტიის მიერ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავება კიდევ ერთხელ ადასტურებს 2022 წლის ივლისში „სამართლიანი არჩევნების” თანაავტორობით გამოქვეყნებულ კვლევაში2 მიმოხილულ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის მასშტაბური სქემის არსებობას. შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვება კი ამ პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს.  

საპარლამენტო არჩევნებს წინ უძღოდა საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული არაერთი ცვლილება, რომელთა შორის განსაკუთრებით პრობლემურია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის გაუარესება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო კვორუმის კვალიფიციური უმრავლესობიდან უბრალო უმრავლესობამდე შემცირება და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის პროცედურის ვადის ცვლილება.3 აღნიშნულმა ცვლილებებმა უარყოფითი გავლენა იქონია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხზე და საარჩევნო პროცესებზე.  

არჩევნების წინ მნიშვნელოვნად გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციები პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმართული იყო დემოკრატიული აქტორების წინააღმდეგ.  

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნის გარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის საკითხი, Რომელიც არჩევნების დღესაც გაგრძელდა. “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი პრობლემები და ტენდენციები პირდაპირ იყო დაკავშირებული არჩევნების დღის დარღვევებთან. 

 

3. არჩევნების დღე 

არჩევნების დღის მიმდინარეობას „სამართლიანი არჩევნები“ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) დააკვირდა. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებდა მონაცემთა აღრიცხვის/ გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი).  

მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9%-ზე არ იყო დაცული კენჭისყრის ფარულობა. საარჩევნო უბნების  9%-ზე გამოვლინდა მარკირების შემოწმებისა და გაკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები. Ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების უფლებების უკანონო შეზღუდვის, მათი დაშინების, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.   

„სამართლიანმა არჩევნების” დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების 31%-ზე გამოავლინა პარტიის კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები უბნის გარე პერიმეტრზე. ორგანიზაციამ დააფიქსირა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბანთა 11%-ზე. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება. საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი საარჩევნო უბნების 91%-დან მიიღო. 

 

3.1. დაფიქსირებული ინციდენტები / დარღვევები 

„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების შიგნით 170-მდე ინციდენტი/დარღვევა დააფიქსირეს, რომელთა შორის აღსანიშნავია: 

  • საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის 2 შემთხვევა (#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 და #22  უბნებში); 
  • მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა (#5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 უბანში, #22 მარნეულის ოლქის #71 უბანში 2 შემთხვევა, #44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანში);  
  • მარკირების პროცედურის დარღვევის 16 შემთხვევა (#5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 და #34 საარჩევნო უბნებში, #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #39 უბანში, #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის  #79-ე, #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #მე-9 უბანზე, #39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #23-ე, #ვანის 53 საარჩევნო ოლქის #23-ე, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #49-ე, #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #9, #32 გორის საარჩევნო ოლქის #42-ე, #79-ე ბათუმის საარჩევნო ოლქის #57-ე, #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1, #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნებში, #32 გორის საარჩევნო ოლქის #17-ე საარჩევნო უბანში). 
  • ხმის მიცემის  ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა (#25 წალკის საარჩევნო ოლქის #32, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო  ოლქის #17, #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #49, #24 დმანისის საარჩევნო  ოლქის #28, #30 კასპის საარჩევნო ოლქის  #24, #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის  #9, #30 კასპის ოლქის   #24, #64 სენაკის საარჩევნო ოლქის #33, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #15, #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #5, #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #8, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #54, #30 კასპის საარჩევნო ოლქის #31, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #46, #55 ხონის საარჩევნო ოლქის #23, #44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის #18, სალონიკის #41 უბნებში) 
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა, კერძოდ, #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #26, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #9 და #12 უბნებში, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #3 უბანი, #16 ყვარლის ოლქის #20, #26 და #12 უბნებში, #30-ე კასპის საარჩევნო ოლქის #22-ე, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის 49-ე, #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #41-ე უბანი, #65 მარტვილის  საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანი. 
  • 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა, კერძოდ, #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #16 და #31 უბნებში, #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #51 უბანში, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #12 უბანში, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანში, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #57 უბანში, #25 წალკის საარჩევნო ოლქის #1 უბანში, #30 კასპის საარჩევნო ოლქის #24 უბანში, #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #1 უბანში,  #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #43 უბანში, #79  ბათუმის საარჩევნო ოლქის #10, #66 და #89 (ორი შემთხვევა) უბნებში, #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #14 და #33 უბნებში. 
  • გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა (#02 ვაკის საარჩევნო ოლქის #15 უბანში, #32 გორის საარჩევნო ოლქის #84 უბანში, #03 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #60 უბანში, #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #23 უბანში, #03 საბურთალოს საარჩევნო  ოლქის #18 უბანში, #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #04 უბანში, #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #23 უბანში, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბანში, #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #13 უბანში, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #15 უბანში). 
  • ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული პრობლემების 8 შემთხვევა (#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #05 უბანზე, #05 ისნის საარჩევნო  ოლქის #07 უბანში, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #45 უბანზე, #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #56 უბანში, #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #14 და #10 უბანში, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #44 უბანში,  #1 მთაწმინდის ოლქის #16 უბანში) 
  • უბნის მოწყობასთან დაკავშირებული 5 შემთხვევა (#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #20 და #26 უბნებში, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #18 და #54 უბნებში, #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #26 უბანში, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #55 უბანში). 
  • არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის 4 შემთხვევა (#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანში, #22 მარნეულის საარჩევნო  ოლქის  #68 უბანში, #30 კასპის საარჩევნო  ოლქის #24 უბანში და  #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #24 უბანში).  

 

 

3.2. საჩივრებისა და განცხადებების სტატისტიკა 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ჯამში 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს, აქედან 100-ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 95 - საოლქო საარჩევნო კომისიებში. 70-მდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, ცესკოში წარდგენილ იქნა 1 საჩივარი სალონიკის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.   

 

3.3. საარჩევნო უბნის გარეთ გამოვლენილი ტენდენციები  

საარჩევნო უბნის გარეთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა 100-ზე მეტი ინციდენტი. მათ შორის არაუფლებამოსილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზების, სავარაუდო მოსყიდვის, ამომრჩეველთა აღრიცხვის, მათი ნების კონტროლის, აგიტაციის და ამ პროცესში საჯარო მოსამსახურეების ჩართვის შემთხვევები: 

 

პირთა საეჭვო შეკრება 

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში შეინიშნებოდა  უცხო პირთა, ე.წ. „ძველი ბიჭების“, შეკრება, რომლებიც აგრესიული ქცევით ხასიათდებოდნენ, აწარმოებენ აგიტაციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ოპოზიციურ პარტიებს; 
  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის 100 მეტრის პერიმეტრს გარეთ შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები/მხარდამჭერები. ეს ადამიანები 3 მანქანაში იყვნენ  გადანაწილებული და მათ ამომრჩევლები პერიოდულად ანიშნებდნენ, რომ არჩევანი დააფიქსირეს; 
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბნის 100 მეტრის გარეთ შეინიშნებოდა მანქანების განთავსება, რომელში მყოფ პირებთან პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებდა კენჭისყრის ოთახის შესასვლელთან განთავსებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი; 
  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრებას ჰქონდა ადგილი, კერძოდ საარჩევნო უბნის კართან ძალიან ახლოს 6-7 ადამიანი იდგა და აკვირდებოდა ამომრჩევლებს. გარე დამკვირვებლის აღქმით, იქ მუდმივად მყოფი პირები ცდილობდნენ ამომრჩევლის ქცევაზე გავლენის მოხდენას; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბნის შესასვლელთან რამდენიმე კოორდინატორი იყო განთავსებული, რომლებსაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიებიც; 
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრამდე პერიმეტრში. ისინი აქტიურ კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან; 
  • #25 წალკის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში შეკრებილი იყო სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ 4 კოორდინატორი; 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო 10-მდე პირი, რომლებიც მონაცვლეობით გადაადგილდებოდნენ მიმდებარე პერიმეტრზე და პერიოდულად ამყარებდნენ კომუნიკაციას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან; 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის სიახლოვეს, 100 მეტრამდე პერიმეტრში, განთავსებული იყო მიკროავტობუსი, რომელიც ამომრჩეველთა ტრანსპორტირებას ახორციელებდა; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 25 მეტრში ადგილი ჰქონდა 10 ახალგაზრდა მამაკაცის შეკრებას; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბნის სიახლოვეს 10-ზე მეტი ადამიანი იყო მობილიზებული, რომლებიც პერიოდულად ამომრჩევლებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას; 
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გასწვრივ შეინიშნებოდა 3 პირის მობილიზება, რომლებიც შორიდან აკვირდებოდნენ სიტუაციას და ინიშნავდნენ ინფორმაციას; 
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში 11:00 საათიდან შეინიშნებოდა საეჭვო პირების გადაადგილება, რომელთაც კომუნიკაცია ჰქონდათ სავარაუდოდ ქართული ოცნების დამკვირვებელთან. დროდადრო ერთ-ერთი მათგანი მანქანიდან გადმოდიოდა  და ჩერდებოდა უბანთან; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დამკვირვებელმა დააფიქსირა ქალი, რომელსაც ამომრჩევლები მიჰყავდა და და ელოდებოდა, როდის გამოვიდოდნენ უკან. მოცემულმა პირმა ამგვარად დაახლოებით 20 ამომრჩეველი მოიყვანა; 
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა შეკრებას საარჩევნო უბანთან.  „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის თქმით, საეჭვო პირები შეინიშნებოდნენ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 14:00-15:00 საათიდან 18:00-19:00 საათამდე, უბნის შესასვლელთან მაქსიმუმ 10 მეტრში შეკრებილი პირები ფურცელზე აღრიცხვასაც მიმართავდნენ. გამოვლინდა ასევე შემთხვევა როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა უბნიდან გამოსულ ორ ამომრჩეველს ხელი მოაწერინა ფურცელზე და უთხრა რომ ორშაბათს ან სამშაბათს მიუტანდნენ; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 2 პირი. მათგან ერთ-ერთი ღიად აფიქსირებდა, რომ აგიტატორი იყო. აგიტაციას ეწეოდა ტელეფონის მეშვეობით და ამომრჩევლებს სიის მიხედვით ურეკავდა, რომ მოსულიყვნენ არჩევნებზე; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #23  საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე მობილიზებული იყო 3  და 8 პირისგან შემდგარი ორი ჯგუფი. ისინი სხვადასხვა პერიოდში იმყოფებოდნენ უბანზე და დროდადრო ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრამდე პერიმეტრში, მყოფი პირი აქტიურ კომუნიკაციას ამყარებდა ამომრჩეველთან. მოგვიანებით, ამავე უბნის სიახლოვეს ცივი იარაღით შეიარაღებული, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები გამოჩნდნენ; 
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნიდან 50 მეტრში მობილიზებული იყო ავტომობილი, ერთი სასულიერო პირი და ერთი სხვა მამაკაცი. სასულიერო პირი და მისი თანხმლები პირი უბნის  მიმდებარედ სხვადასხვა პერიოდულობით ჩერდებოდნენ; 
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა 6 კოორდინატორი 100 მეტრამდე რადიუსში. ეს პირები კოორდინირებულად ახდენდნენ კომუნიკაციას ამომრჩევლებთან; 
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა პირთა საეჭვო შეკრება. ვლინდებოდა გაურკვეველ პირთა მობილიზება საარჩევნო უბანთან ძალიან ახლოს. პერიოდულად საარჩევნო უბნიდან გამოდიოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და კომუნიკაციას ამყარებდა მოცემულ პირებთან; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა კოორდინატორების მობილიზება. ისინი ამომრჩევლებთან შედიოდნენ აქტიურ კომუნიკაციაში, რის შემდეგაც  შედიოდნენ ხმის მისაცემად. დამკვირვებელს ერთ-ერთმა კოორდინატორმა უთხრა, რომ ისიც და მასთან კომუნიკაციაში მყოფი პირებიც  „ქართული ოცნებიდან“ იყვნენ; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #70 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ ე.წ „ძველი ბიჭები“, რომლებიც უბნიდან 100 მეტრის რადიუსში მოძრაობდნენ. ჯგუფი საშუალოდ 4-5 ადამიანისგან შედგებოდა; 
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა  10 პირისგან შემდგარი საეჭვო შეკრება; 
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა კოორდინატორების მობილიზება. მიკროავტობუსში იმყოფებოდა 5 პირი, რომლებსაც ჰქონდათ სიები და ინიშნავდნენ ამომრჩევლებს. როგორც კი გარე დამკვირვებელმა მოითხოვა მათთვის სიების ჩვენება, მათ სიების დამალვა დაიწყეს; 
  • #55 ხონის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრამდე პერიმეტრში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზების შემთხვევა გამოვლინდა; 
  • #38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული, სხვა საკლასო ოთახებში შეკრებილი იყო 3 ადამიანი, რომლებიც გარკვეულ ჩანაწერებს აღნიშნავდნენ. ამავე უბანთან ახლოს, დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით, ერთი ავტომანქანა იდგა, რომელშიც მყოფი ოთხი პირი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა; 
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 60 მეტრში შეკრებილი იყო რამდენიმე პირი და ამომრჩევლებთან აწარმოებდა კომუნიკაციას; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბნის სიახლოვეს შეინიშნებოდა 10-მდე პირის საეჭვო შეკრება. ისინი კომუნიკაციაში შედიოდნენ უბნის ამომრჩევლებთან; 
  • #51 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას; 
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა კოორდინატორების მობილიზება. 5-6 პირი, რომელიც სავარაუდოდ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფებოდა ადგილზე; 
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, ათამდე ადამიანის შეკრება დაფიქსირდა; 
  • #49 თერჯოლის #22 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნებოდა. კოორდინატორები იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში და ცვლიდნენ ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ; 
  • #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრს შიგნით რადიუსში 20-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ამომრჩევლები ხმის მიცემის შემდეგ ამ ჯგუფთან ჩერდებოდნენ; 
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან გამოვლინდა 10-მდე კაცის, სავარაუდოდ ე.წ. „ძველი ბიჭების“, შეკრება, რომლებიც უბნიდან  5 მეტრში იდგნენ. რამდენიმე პირისთვის საარჩევნო უბნის დატოვებინების მცდელობას „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის, გიორგი ვოლსკის, გაღიზიანება მოჰყვა, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ ეზოში იმყოფებოდა. იგი დამკვირვებელთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა; 
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, დაახლოებით 25 მეტრში, დაფიქსირდა 10-ზე მეტი პირის შეკრება. მასში ჩართული პირები უარყოფითად საუბრობდნენ საარჩევნო სუბიექტ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაზე“ და იგინებოდნენ პოლიტიკური პარტიის მისამართით. შეკრებილ პირებს კომუნიკაცია ჰქონდათ ,,ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანების“ დამკვირვებელთან; 
  • #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #40 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 20 მეტრში კენჭისყრის პროცესის განმავლობაში შეინიშნებოდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებთან შედიოდნენ ინტერაქციაში; 
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში დაფიქსირდა კოორდინატორების ყოფნა, რომლებიც, ამავდროულად, ამომრჩეველთა მობილიზებას ახდენდნენ; 
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან (საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე) გამოვლინდა საეჭვო გარემოება. კერძოდ, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ორი ავტომობილი - ერთი მათგანი იმყოფებოდა უშუალოდ საბავშვო ბაღის ჭიშკართან, ხოლო მეორე უბნიდან დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით. აღნიშნულ ავტომობილებში იყო 4-5 პირი, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ჰქონდათ კომუნიკაცია ამომრჩევლებთან. საყურადღებოა, რომ დამკვირვებლის მიერ დასმულ კითხვაზე მათი ხანგრძლივი ყოფნის მიზეზის შესახებ, აღნიშნულმა პირებმა თავი აარიდეს პასუხის გაცემას; 
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა პოლიტიკური პარტიის კოორდინატორების მნიშვნელოვანი მობილიზება. გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დაფიქსირდა პირთა დიდი რაოდენობით თავმოყრა. დამკვირვებლის განცხადებით, აღნიშნული პირები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელმა ვერ მოახერხა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მან დააფიქსირა იმ ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი, საიდანაც ხსენებული პირი იღებდა და შემდგომში სხვა კოორდინატორებს გადასცემდა გარკვეულ დოკუმენტაციას. მანქანის მფლობელი კოორდინაციას უწევდა სხვებსაც.  
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამკვირვებელი „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიიდან“, ელაპარაკებოდა მანქანაში მყოფ პირს და იღებდა გარკვეულ მითითებებს, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული. 

 

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება  

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის სიახლოვეს, 100 მეტრამდე პერიმეტრში, განთავსებული იყო მიკროავტობუსი, რომელიც ამომრჩეველთა ტრანსპორტირებას ახორციელებდა; 
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დაფიქსირდა უბანზე მყოფი ერთ-ერთი პირის მიერ  ამომრჩევლის არაერთჯერადი მობილიზება სედანის ტიპის ავტომობილით; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო  უბნის გახსნიდან მთელი დღის განმავლობაში, ერთ-ერთმა პირმა ავტომანქანით დაახლოებით 10-ჯერ მოიყვანა ამომრჩევლები უბანზე ხმის მისაცემად.  ამ პირს კომუნიკაცია ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირთან, რომელსაც ეკითხებოდა, კიდევ ვინ იყო  მოსაყვანი; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #55  საარჩევნო უბანზე მყოფმა პირმა საკუთარი ავტომობილით რამდენჯერმე მოიყვანა ამომრჩევლები უბანზე ხმის მისაცემად. აღნიშნული პირი კომუნიკაციაში შედიოდა უბანთან შეკრებილ საეჭვო  შეკრების მონაწილეებთან; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე 100 მეტრის მიღმა შეინიშნებოდა ორი მანქანა. ორივე ავტომობილში იმყოფებოდა რამდენიმე პირი. ერთ-ერთ მანქანასთან ახლოს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კოორდინატორი, რომელიც ხმამაღლა ეწეოდა „ქართული ოცნების“ აგიტაციას; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირი ახორციელებდა ამომრჩევლების სახელობითად აღრიცხვას. მოცემულმა პირებმა ერთ-ერთ ამომრჩეველს პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტიც გამოართვეს და პერსონალური ინფორმაციის მოგროვების შემდეგ უკან დაუბრუნეს. ერთ-ერთ ამომრჩეველს შეყვნენ საარჩევნო უბანზეც; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა კოორდინატორების მხრიდან ხდებოდა მიკროავტობუსით ამომრჩევლების მოყვანის ტენდენცია; 
  • #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანთან მობილიზებული 6 პირიდან ერთ-ერთს ჰქონდა სია, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში აღრიცხავდა ამომრჩეველს. გარდა ამისა, ამავე უბანზე შეინიშნებოდა ავტომობილიც, რომელში მყოფ ერთ-ერთ პირს ასევე გააჩნდა ამომრჩეველთა სია და ამავე ავტომობილში მყოფი პირები დროდადრო  შედიოდნენ შენობაშიც; 
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანთან ხორციელდებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთი და იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ამომრჩეველთა მობილიზება სულ მცირე 5-6-ჯერ დაფიქსირდა; 
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირებას ახორციელებდა საჯარო მოსამსახურე, შოთა ვარდიძე, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში იკავებს თანამდებობას; 
  • #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანთან ხორციელდებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული მობილიზება მიკროავტობუსისა და მინივენის მეშვეობით. მობილიზებაში ჩართული პირები დაკავშირებული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან. 

 

ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი 

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის ამომრჩევლები შედიოდნენ ამავე უბნის სიახლოვეს არსებულ კერძო საკუთრებაში, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შესვლის უფლება არ დართეს; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გარეთ, 100 მეტრამდე პერიმეტრში, მყოფი პირი აქტიურ კომუნიკაციაში შედიოდა უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან; 
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა გაურკვეველ პირთა მობილიზება. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, შეკრებილი პირები ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ; 
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლები და კომუნიკაციას ამყარებდნენ ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან. მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა ხმა მოცემულ საარჩევნო უბანზე მისცა, თუმცა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია არ დაუტოვებია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მოცემული პირები უბანთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ. ამავე უბანთან 07:30 საათიდან იმყოფებოდნენ ე.წ. „ძველი ბიჭები“, რომლებიც იყვნენ აგრესიულები ოპოზიციური პარტიების მისამართით. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდებოდა ამომრჩევლებს და აგრესიულად მოუწოდებდა ხმის მიცემისკენ; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბნის მიმდებარედ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი, ლევან მახარაშვილი, რომელიც კენჭისყრის შენობის ეზოსა და ჰოლში გადაადგილდებოდა; 
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბნის სიახლოვეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ეჭირათ სიები, და ამომრჩევლებს ახსენებდნენ, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა; 
  • #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო  უბანთან ახლოს (100 მეტრის რადიუსში) „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებელმა შენიშნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პერიმეტრზე მოძრაობდა და ამომრჩევლებს ესაუბრებოდა; 
  • #39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნის შესასვლელთან იმყოფებოდა 4 პირი, რომლებიც ამომრჩევლებს სისტემატურად მიუთითებდნენ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემისკენ; 
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, 100 მეტრამდე პერიმეტრში, დილის 8 საათიდან  იდგა ავტომანქანა, რომელშიც მყოფ ორ ადამიანს ჰქონდა კომუნიკაცია ამომრჩევლებთან, სანამ ისინი საარჩევნო უბანზე შევიდოდნენ ხმის მისაცემად. მოცემული პირები „ქართული ოცნების“ აკრედიტებულ წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდნენ; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან შეიარაღებული პირის მიერ მიმდინარეობდა უბნის თვალთვალი; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ორი პირის განთავსება, რომლებიც აჩერებდნენ და ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს. უცნობია, თუ რა თემაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ მათ დატოვეს ტერიტორია; 
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბნიდან 20 მეტრში იდგა ავტომანქანა, რომელშიც მყოფი ოთხი ადამიანი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით ინტერესდებოდა. 

 

ამომრჩეველთა აღრიცხვა 

  • #6 სამგორის საარჩევნო უბნის #55 საარჩევნო უბნის სიახლოვეს ავტომანქანაში მყოფი პირი კომუნიკაციას ამყარებდა ამომრჩევლებთან და სავარაუდოდ ამომრჩეველს აღრიცხავდა  შესაბამისი სიის გამოყენებით; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მყოფი ორი პირი ამყარებდა კომუნიკაციას ამომრჩევლებთან და აღრიცხავდა მათ.  
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის სიახლოვეს განთავსებულ მიკროავტობუსში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა მათ კუთვნილ სიებში; 
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ისინი განთავსებულნი იყვნენ საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრში და ადგილზე კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფებოდნენ; 
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი 5 პირი აღრიცხავდა  ამომრჩევლებს სიების გამოყენებით; 
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანთან მყოფი სამი კოორდინატორი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას. ამავდროულად, ისინი ტელეფონით უკავშირდებოდნენ ამომრჩევლებს და მოითხოვდნენ მათგან უბანზე მისვლას; 
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო 2 კოორდინატორი. მათ, მობილურ ტელეფონებში, ელექტრონული სახით ჰქონდათ სია; 
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბნის გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სარჩევნო უბნის გვერდით განთავსებული იყო მცირე ზომის შენობა, რომელშიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იმყოფებოდნენ და, სავარაუდოდ, ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში, დამკვირვებელმა დააფიქსირა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი პირების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვის შემთხვევები; 
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების სახელობითი აღრიცხვა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში ორ მანქანაში მყოფი პირები საარჩევნო უბნის გახსნიდან საღამომდე იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანთან და ხმის მიცემის შემდეგ სიებში მონიშვნებს აკეთებდნენ; 
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა დაფიქსირდა. 2 კოორდინატორი დროდადრო შემოდიოდა შენობაში სიებით და  აღრიცხვას აწარმოებდა; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბნის მიმდებარედ (დაახლოებით 30 მეტრში)  აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს სახელობითად სპეციალურად მომზადებულ სიებში; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა, მათთან კომუნიკაციის შემდეგ; 
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბნის  შესასვლელთან ერთი პირი აღრიცხავდა ამომრჩევლებს. სიაში მონიშვნებს აწარმოებდა სატელეფონო ზარების მეშვეობით  და მოუწოდებდა  უბანზე მისვლისკენ; 
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბნის სიახლოვეს ათამდე პირი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიით იყო მობილიზებული და ინიშნავდა ამომრჩევლებს; 
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა 2 კოორდინატორი, რომლებიც ხმის მიცემის შემდგომ 2-ჯერ მობრუნდნენ უბანზე. ერთ-ერთმა მათგანმა პირად საუბარში შიდა დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აგიტატორები იყვნენ. ერთ-ერთო კოორდინატორი მობილურის მეშვეობით ასახელებდა კონკრეტულ გვარებს, ვინც არჩევნებზე მივიდა; 
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლების სახელობითი აღრიცხვა ავტომანქანაში. მანქანაში მყოფი ორ პირთან კოორდინირებული იყვნენ გარეთ მყოფი პირები, რომლებიც არ მალავდნენ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებას; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანის შესასვლელთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა 5  კოორდინატორის მიერ, რომლებსაც ჰქონდათ სიები ფურცლების სახით; 
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა მიმდინარეობდა საჯარო მოსამსახურის, ქვემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მაია ჭოლიკიძის, კოორდინირებით. ორგანიზებული ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციას ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების შესახებ და პერიოდულად უკავშირდებოდა სხვა ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების თხოვნით; 
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრამდე პერიმეტრში, მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა. როგორც გარე დამკვირვებელი აღნიშნავს, აღრიცხვას აწარმოებდნენ უცნობი პირები, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ; 
  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და ორგანიზებული ტრანსპორტირება დაფიქსირდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მოცემულ პირებს შორის შედგა თანხასთან დაკავშირებული კომუნიკაციაც. მან დააფიქსირა ქაღალდზე დატანილი ამომრჩევლების სიაც, ფურცლის სახით. დამკვირვებელი შეესწრო, თუ როგორ დაავალა ერთ-ერთმა კოორდინატორმა მეორეს, რომ მოშორებით დამდგარიყო და ეკონტროლებინა ვინ მოვიდოდა ხმის მისაცემად; 
  • #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის მიმდებარედ შეკრებილი რამდენიმე პირის მიერ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა აღრიცხვას. ამასთან ერთად, ისინი საარჩევნო უბნის შესასვლელთან ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს. ერთ-ერთი პირი სიით ხელში ჯერ უბანზე შევიდა, შემდეგ შენობის მეორე სართულზე ავიდა და ფანჯრიდან აკვირდებოდა მოსულ ამომრჩევლებს. პარალელურად, იგი გადასცემდა ინფორმაციას დაუდგენელ სუბიექტს; 
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა. აღრიცხვა ხდებოდა წინასწარ მომზადებული სიების საფუძველზე და მიმდინარეობდა უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში; 
  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა სახელობით აღრიცხვას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ, თანმხლებ პირებთან ერთად. აღრიცხვა წარიმართებოდა ამომრჩევლების უბნიდან გამოსვლისთანავე; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანთან ახლოს მდგომი მანქანიდან სამი პირი ამომრჩევლებს აღრიცხავდა. მათ „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის მიახლოების შემდეგ დროებით შეწყვიტეს ქმედება; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბნის მიმდებარედ გამოვლინდა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის შესასვლელთან განთავსებული პირი ამომრჩევლებს კითხვებს უსვამდა და მათ შესახებ ინფორმაციას ინიშნავდა; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა თავმოყრილი პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა სატელეფონო ზარებით. 7 პირისგან შემდგარი ჯგუფი დაახლოებით 10:00-დან 17:00 საათის ჩათვლით მოდიოდა საარჩევნო უბანთან, რომელთაგან ერთ-ერთი ესაუბრებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს. უბანზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სატელეფონო კომუნიკაციისას დაასახელა გვარები, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე და მასთან მოსაუბრე პირს განუცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ თითქმის ყველა გამოცხადდა; 
  • #55 ხონის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრამდე პერიმეტრში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების, მათ შორის აკრედიტებული წარმომადგენლის, მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები გამოვლინდა; 
  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტი. გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფი პირი აწარმოებდა ამომრჩეველთა სისტემატურ აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ მათ პირად მონაცემებს ინიშნავდა მოქალაქეების მიერ საარჩევნო უბნის დატოვების შემდგომ. 

 

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა 

  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან 08:30 საათიდან მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების მობილიზებისას „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობით თანხის გადაცემის შემთხვევა; 
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფებოდა, სხვა პირებთან ერთად, მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა;  
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის  წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები მოცემულ პირს მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებული ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ;  
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის საკრებულოს წევრმა, კაჭრეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი რაზმაზიშვილმა, ფული გადასცა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებელს, რომელმაც ფაქტი შეამჩნია, რაზმაზიშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა; 
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულ 18-19 წლის ახალგაზრდა ბიჭებს ამავე უბანთან მყოფმა მამაკაცმა მისალმებისას ჯიბეში ფული ჩაუცურა. ამ ფაქტის შემდეგ ახალგაზრდა ამომრჩევლები კენჭისყრის ოთახისკენ გადაადგილდნენ და ხმის მიცემის შემდეგ ამ პირის მანქანაში ჩასხდნენ; 
  • #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბნის სიახლოვეს გარე დამკვირვებელმა შენიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გამოვიდა უბნის გარეთ, შეხვდა ერთ პიროვნებას, გადასცა ფურცელი, რომლიდანაც ამოიკითხეს სია, ხოლო იმ პირმა მმართველი პარტიის წარმომადგენელს ფული გადასცა; 
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დაახლოებით 10 ადამიანი იყო შეკრებილი. შიდა დამკვირვებელმა შემთხვევით დააფიქსირა ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის სავარაუდო ფაქტი; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბნის სიახლოვეს შედგა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. კერძოდ, უბანთან განთავსებულმა ერთ-ერთმა პირმა მეორეს განუცხადა, რომ 8 ადამიანი მოიყვანა და თითოეულს 100 ლარი გადასცა; 
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელმა შემთხვევით დააფიქსირა ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი. 

 

ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება   

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე განთავსებული იყო პარტია „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ პირთა მიკროავტობუსი, რომელში მყოფი პირებიც, სავარაუდოდ, აგროვებდნენ ინფორმაციას ამომრჩეველთა შესახებ;  
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება მიკროავტობუსისა და ორი მსუბუქი ავტომანქანის მეშვეობით. კერძოდ, დროდადრო გადაადგილდებოდნენ და მოჰყავდათ ამომრჩევლები ხმის მისაცემად. ამასთან ერთად, შეინიშნებოდა ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველთა ნაწილის მიკროავტობუსის შიგნით მსხდომ პირებთან კომუნიკაცია; 
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მრავალჯერადად ტრანსპორტირება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით; 
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით, ფიქსირდებოდა ამომრჩევლების ორგანიზებული ტრანსპორტირება/კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბანთან. შეინიშნებოდა ადგილზე ბაღის თანამშრომლების განთავსებაც. ისინი ესაუბრებოდნენ უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს და ახორციელებდნენ ამომრჩეველთა მობილიზებასაც; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან მობილიზებული რამდენიმე პირი ახორცილებდა ავტომობილით ამომრჩეველთა მრავალჯერად ტრანსპორტირებას; 
  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #78 საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება დაფიქსირდა; 
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლების მობილიზება მიკროავტობუსისა და მინივენის მეშვეობით; 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან ერთად, ამომრჩევლების მობილიზებაში ჩართული იყო ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტებული დამკვირვებელი. 

 

სააგიტაციო მასალის განთავსება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე 

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის განთავსება უბნიდან 25 მეტრზე ნაკლებ მანძილზე. სააგიტაციო მასალა ეკუთვნოდა საარჩევნო სუბიექტს ,,კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. 

 

ფიზიკური/სიტყვიერი დაპირისპირება  

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი პარტია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის; 
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ამომრჩეველსა და კომისიის ერთ-ერთ წევრს შორის, დაახლოებითი 17 საათსა და 40 წუთზე; 
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბნის შიგნით დაპირისპირების შედეგად, უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ ჟურნალისტები და პოლიციელები; 
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანთან დაახლოებით 16:00 საათზე, გადასატან ყუთთან დაკავშირებით მოხდა შეხლა-შემოხლა. 

ფიზიკური ძალადობა დამკვირვებელზე 

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის დახურვისას, საღამოს 8 საათზე, მას შემდეგ, რაც „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებელმა გადაწყვიტა უბნის მიმდებარე პერიმეტრის დატოვება, მას თავს დაესხა სავარაუდოდ ,,ქართული ოცნების" კოორდინატორი, რომელიც მას თმებში წვდა.

 

 

4. ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება.    

„სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია შედგება 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი).  

არჩევნების დღის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ხდება საარჩევნო უბნების გარე დაკვირვებაც.   

 

 

 

 

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ევროკავშირის, ამერიკელი ხალხის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის”. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” შეხედულებებს.