განცხადებები

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებულ გამოძიებას.  გამოძიების ფარგლებში „მთავარი არხის“ სიუჟეტზე აქცენტირება, შემაშფოთებელია და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს. აღნიშული შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას.

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური  დაინტერესდა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასული სიუჟეტით, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში „მთავარი არხის“ ქმედებებში „დეზინფორმაციას“ და „საბოტაჟის“ შემადგენლობას, დადგენილ ფაქტად უთითებს.

გვსურს შევახსენოთ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლებს, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ასევე მიზანს. იგი, ის ფუნდამენტური ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია.[1] იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა.[2]

დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე. პრესის თავისუფლება მოიცავს არამხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს, გაიზიაროს ან უგულებელყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

საბოტაჟი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენის საკითხიც აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის მიყენებული ხელშესახები ზიანი - მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

იმ შემთხვევაშიც კი თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება, არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას, საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან და უარი თქვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გამოყენებაზე.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

-----

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის 1/3/421,422გადაწყვეტილება პარ. 6

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლი 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება, პარ. 36