2012 Parliamentary Elections

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება


არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა მხოლოდ ერთ- ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო.
არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, არცერთ მათგანზე არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. საგამოძიებო ორგანოები ავლენენ რა ლოიალურ დამოკიდებულებას, განამტკიცებენ დაუსჯელობის სინდრომსა და მსგავსი ფაქტების წახალისებას. დღემდე გამოუძიებელია ქსნის #15 დაწესებულებაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა და რომელზეც ქსნის 700 პატიმარი კოლექტიურ განცხადებაში საუბრობდა. არ არის ასევე გამოძიებული საიას და სხვა ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი პირების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხსენიებული საქმეები, რომლებიც წამებას სხვადასხვა დაწესებულებაში დაექვემდებარნენ. აღნიშნული მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია და მიუთითებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტურ გამოძიებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები.
1)საგამოძიებო ორგანოების მიერ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მთავარი პროკურატურის, გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი. გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში.
2)უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო.
3) გარდა ვიდეო ფირებზე ასახულ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენეტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ და ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას;
4)დადგეს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი;
5)ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე;
6) მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანიარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
კონსტიტუციის 42-ემუხლი
საზოგადოებრივი დამცველი ციხის საერთაშორისო რეფორმა
ახალგაზრდები სამართლიანობისათვის ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) ასოციაცია მწვანე ალტერნატივა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კოალიცია არჩევნის თავისუფლებისთვის
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია