eng_2012 საპარლამენტო

განცხადება უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების თაობაზე

„სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას უკანასკნელ პერიოდში
პოლიტიკური ნიშნით განორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და სავარაუდოდ,
პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დაკავების ფაქტების საგრძნობლად ზრდასთან დაკავშირებით.
იმ დროს, როდესაც საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მთელი ყურადღება მიმართულია
პატიმართა წამების ფაქტების გამოძიებისა და პატიმართა უფლებების დაცვისკენ, სამწუხაროდ,
მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესები სერიოზული ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. ამათანავე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილი აქვს პოლიტიკური აქტივისტების დაპატიმრების ათობით ფაქტს, რომელთა მოტივები, ფორმები და წაყენებული ბრალდებები დაკავებების პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს.
ძალადობრივი ქმედებები, რაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკითა და
დაუნდობლობით გამოირჩევა, ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ
ხორციელდება, თუმცა მსგავს ფაქტებს ადგილი აქვთ არა მარტო ოპოზიციური გაერთიანებების,
არამედ ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართაც. რაც შეეხება ადმინისტრაციულ
პატიმრობებს, იგი, როგორ წესი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ გამოიყენება.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება არასათანადო და არაეფექტურ რეაგირებას ახდენს პოლიტიკური
აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების მიმართ რაც ხშირად
გადაჭარბებულად მკაცრი ზომების გამოყენებაში, ან, საპირისპიროდ, ფაქტის არასათანადოდ და
არადროულად გამოძიებაში გამოიხატება. მსგავსი პრაქტიკა ზიანს აყენებს წინასაარჩევნო
კამპანიის თანასწორ გარემოში მიმდინარეობას და ამომრჩევლებში არჩევნების სამართლიანობის
მიმართ უნდობლობის გაღვივებას იწვევს.
ვინაიდან ძალადობრივი ქმედებების პრევენცია და არჩევნების დღის მშვიდ ვითარებაში
წარმართვა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესსა და მოთხოვნას წარმოადგენს,
მივმართავთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, მოუწოდონ მხარდამჭერებს, გამოიჩინონ მაქსიმალური
თავშეკავება, რათა როგორც არჩევნებამდე დარჩენილმა დრომ, ასევე, არჩევნების დღემ მშვიდ
გარემოში ჩაიაროს, ხოლო ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, გააკეთოს ზეწოლისაგან
თავისუფალი არჩევანი.
წარმოგიდგენთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში
დაფიქსირებულ რამოდენიმე მნიშვნელოვან შემთხვევას:
1. 25 სექტემბერს, ღამით, ქობულეთში უცნობმა პირებმა 16 წლის დათო როყვა სასტიკად სცემეს.
იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირები, რომლებმაც დათო როყვა სცემეს, ეუბნებოდნენ, რომ
მისმა მამამ და ძმამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თავი უნდა დაანებონ.
2. 24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი
ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს
ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს.[1]
3. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 22 სექტემბერს, დაბა წნორში საქართველოს
პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ აბულაშვილმა ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმულ პირებს - გელა და ვახტანგ
დარჩიაშვილებს. მოგვიანებით, გელა დარჩიაშვილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას
პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ამ ფაქტს შეესწრო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნუკრი კიკილაშვილი და შოთა
ხუციშვილი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს,
ნუკრი კიკილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს
ნათია მირიანაშვილს, რომელმაც ხელი იღრძო და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოგვიანებით
სიღნაღში დაკავებულ იქნა ნუკრი კიკილაშვილი, რომელთანაც არ უშვებდნენ ადვოკატს. მას
სასამართლომ ჯარიმა ისე დააკისრა, რომ ადვოკატებს პროცესზე დასწრების საშუალება არ
მიეცათ.
4. 2012 წლის 19 სექტემბერს ბორჯომის რაიონის სოფ. დვირში „ქართული ოცნების“ აქტივისტი
ავთო ნიკოლაევი სამმა პირმა მას შემდეგ გალახა, როდესაც ნიკოლაევმა 2 აქტივისტთან ერთად
„ქართული ოცნების“ სააგიტაციო პლაკატების გაკვრა დაასრულა. ნიკოლაევი გადაყვანილ იქნა
საავადმყოფოში.
5. 20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,
ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ
მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“
წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ
„ერთიანინაციონალურიმოძრაობის“
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და
„ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი
ნინოწმინდის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო მოვიანებით ნინოწმინდის პოლიციის
განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს.
6. „სამართლიანი არჩევნების“გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ
დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს
და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც
მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა
აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ
ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, რომ დამნაშავეები
უცნობი პირები იყვნენ.
7. 23 სექტემბერს, ღამით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა
დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული
ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს
მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს
თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო
ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ზემოთ
აღნიშნულმა პიროვნებებმა, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, უწმაწური სიტყვებით
მოინდომეს ხელის შეშლა აქტივისტებისთვის. ახალგაზრდებს თან ჰქონდათ საბუთად
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის ამონაწერი, სადაც მითითებულია, რომ შეზღუდვა არ
ვრცელდება განათების ბოძებზე, მაგრამ აქტივისტებს არავინ მოუსმინა, საკრებულოს
თავმჯდომარემ განუცხადა, რომ მათ თავიანთი კანონები აქვთ, რომლის მიხედვით წყალტუბოში
განათების ბოძებზე პლაკატების გაკვრა იკრძალება. მოგვიანებით შელაპარაკებამ აგრესიული
ფორმა მიიღო. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი მაია შალამბერიძე აცხადებს,
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილმა აქტივსტს, ანა დოლაბერიძეს ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა, ამიტომ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
ინცინდენტის მონაწილე ყველა პიროვნება წაიყვანეს პოლიციაში. მამუკა საღარეიშვილი და მისი
თანმხლები პირები ერთად შეიყვანეს დაკითხვაზე და რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს, ხოლო
მაია შალამბერიძე და სხვა ახალგაზრდა აქტივისტები ცალ-ცალკე დაკითხეს. დაკითხვა დილამდე
გაგრძელდა.
8. კასპის ცენტრში ,,თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატი, ლაშა
ფავლენიშვილი სცემეს. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი
ლაშა ფავლენიშვილს გაესაუბრა. რომელიც აცხადებს, რომ არ იცის ვინ და რატომ სცემეს ის.
9. 23 სეტემბერს, ღამით "ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი
სითხე შეასხეს.[2] კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ეს მჟავა იყო, რადგან დვალმა დაზიანებები
მიიღო და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
დაზარალებულის ინფორმაციით, უცნობი პირები ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში
მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან "შკოდის" მარკის ავტომობილით
მიიმალნენ.ბუბა დვალმა ავტომანქანის სანომრე ნიშნების გარჩევა ვერ შეძლო.
10. 26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს
რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა
გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი
არჩევნების“გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია
იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა
ირმა კიტრიაშვილს ფოტოაპარატი წაართვა და გადაღების ადგილიდან ძალით გაიყვანა.
შემთხვევას ადგილობრივი მოსახლეობაც შეესწრო.[3]
11. 25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას,
მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული
ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა
პატარქლიშვილმა მსუბუქი ტვინისშერყევა მიიღო, ხოლო გიორგი ნადაშვილს ამბულატორიული
დახმარება დასჭრდა.
12. „სამართლიანმა არჩევნებმა“ გასულ კვირას ამბროლაურის რაიონში დააფიქსირა კოალიცია
„ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის 3, ხოლო რუსთავში 1 შემთხვევა. კერძოდ, 21 სექტემებრს
დაბა ამბროლაურში, სოფელ ნიკორწმინდაში და ჭრებალოში ჩამსხვრეული იქნა ოფისის მინები.
ხოლო ამბროლაურში დაზიანებულია ოფისის კარი. 22 სექტემბერს რუსთავში დარბეულ იქნა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი.
13. 26 სექტემბერს სამტრედიაში კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელი, დავით თევზაძე დააკავეს.
მისი დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობი იყო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ
თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 166-ე და 173-ე
მუხლებით აქვს წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიერ კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თევზაძეს სასამართლო 60 დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
14. 22 სექტემბერს რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო
პლაკატებს აკრავდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დააკავეს. დაკავებულები არიან ძმები ზაზა და თორნიკე
შენგელაიები, დავით დარბაიძე და ზაზა ზურაბიანი.
15. 23 სექტემბერს, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში
მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს.
დაკავების ოპერაცია დილის 6 საათზე განხორციელდა, დაკავებულის დედის განმარტებით,
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება,
გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ჯანანაშვილის დედა,
აცხადებს მის შვილს იარაღი არ ჰქონია.25 სექტემბერს მამუკა ჯანანაშვილი წინასწარი
პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მამუკა ჯანანაშვილმა „სამართლიან
არჩევნებს“ განუცხადა, რომ პარტიულ საქმიანობას წყვეტს.
16. 23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული
ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს.
მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა
პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე
თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით,
წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით
დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა
მიესაჯათ.
17. 23 სექტემბერს მესტიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო
კომისიაში, კახა ჟორჟოლიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების
მოტივად სახელდება კახა ჟოროლიანის სიტყვიერი კამათი ამავე კომისიაში ცესკოს
წარმომადგენელთან, არჩილ სოფრომაძესთან. სასამართლომ, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, კახა
ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
18. 26 სექტემბერს, დილის 10 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მამუკა
ლეჟავა სახლიდან 200 მეტრის მოშორებით საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა. სახლში
დაბრუნებისას მას ორი ნიღბიანი ახალგაზრდა დახვდა, რომელთაც „ქართული ოცნების“
სააგიტაციო მაისურები ეცვათ. ახალგაზრდებმა ლეჟავას განუცხადეს, რომ ის, მისი მამიდაშვილი
გელა ლაგაძე, „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი ზვიად ნიკურაძე და
ლალი ხუჭუა ხელს უშლიდნენ „კაი ბიჭების“ ხელისუფლებაში მოსვლას და ამისთვის უნდა
„დასჯილიყვნენ“. მათ ასევე განაცხადეს, რომ გელა ლაგაძემ გაასწრო, თორემ მას უარესს
უზამდნენ და აჩეხვას უპირებდნენ. მათ მამუკა ლეჟავას სახესა და ხელებზე დაუსვეს
სამართებელი. ლეჟავას სახეზე და ხელზე მრავალი ნაკერი ადევს. მას ასევე განუცხადეს, რომ
ჭკვიანად თუ არ იქნებიან უარესს უნდა ელოდნენ.