2018 Presidential Elections

ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 19 სექტემბერს, ქუთაისის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატზე ფიზიკურ თავდასხმას. სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ცალკეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში კვლავ აქვს ადგილი ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების შემთხვევებს.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, „ქართული ოცნების” წევრები, ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, გია უკლებას დაესხნენ თავს. თავდასხმა, მედიასაშუალებების ინფორმაციით, იმის გამო მოხდა, რომ გია უკლებამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მოყვა სიტყვიერი დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შემდეგ კი დერეფანში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში, ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ. მსგავსი ინციდენტი არაერთხელ მომხდარა ოზურგეთის, ზუგდიდის, ბორჯომის, თელავისა და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც.

მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვას, სერიოზულ ზიანს აყენებს წარმომადგენლობითი ორგანოს რეპუტაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს.

მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს უზრუნველყონ გამოძიების ეფექტურად წარმართვა და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია, ხოლო მმართველ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტებს, საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ წინასაარჩევნო აქტივობების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განხორციელებისკენ და არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებების წახალისება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა გაიაზრონ საკუთარი როლი და თანამდებობრივი მდგომარეობა წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მიიღონ ეფექტური ზომები მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის. ამ კუთხით, საჭიროა საკრებულომ შეიმუშაოს საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს წევრის ქცევის სტანდარტებს კოლეგებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას, და ასევე შეიმუშავოს ამ კოდექსის შესრულების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმები. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 
საფარი 
საქართველოს გაეროს ასოციაცია