შსს-ს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.
ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მიუხედავად ამისა, როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს პარლამენტის წინ ინციდენტი სწორედ წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის პოლიციის წარმომადგენლების მიერ ხელშეშლას მოჰყვა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძის მხრიდან ძალადობა.
იმ ფონზე, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ, დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელეობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიან პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღსდგეს სამართლიანობა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე საქართველოს სს კოდექსის 3531-ე (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო მისი თანმხლები ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს. ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს. წვიმიან დღეს, პოლიციის მხრიდან კარვის გაშლისთვის კიდევ ერთხელ ხელშეშლა, ზაზა სარალიძის მიმართ უკანონო და ანტიჰუმანური მოქმედების ნათელი დემონსტრირება იყო.
ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას და მათივე კანონიერი მოთხოვნის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. მაშინ როცა, მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში, თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს პარლამენტის წინ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მოვუწოდებთ:
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ
- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;
- გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც გახდა ზაზა სარალიძის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის საფუძველი და სს სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა
- დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა და ამის თაობაზე გააკეთოს საჯარო განცხადება;
- წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, გაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები და მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ეს გარემო, პირველ რიგში, შეექმნათ აქციის ორგანიზატორ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და იგნორირების მსხვერპლები არიან.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
თანასწორობის მოძრაობა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ცენტრი „ემპათია“
კავშირი საფარი
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)