News

„არა-ფობიას!“ განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დასჯადობის შესახებ ინიციატივის თაობაზე

 

უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც  საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან.

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 1551 მუხლი, რომლის თანახმადაც დასჯადი ხდება  „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას“, ამასთან დასჯადი გახდება „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.“ აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახეებად განსაზღვრულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, რომ მისი მიღება განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფით.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში 2013 და 2016 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ინიციატივამ (რომელიც წინა შემთხვევებში მსგავს ქმედებებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმამ არაერთხელ დააფიქსირა. ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

1.    ამგვარი ინიციატივა ცალსახად მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმგვარი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოების გარკევული ნაწილისთვის იყოს შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (რომელიც თავის მხრივ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს ეყრდნობა) “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“1

2.   ინიციატივა არ შეესაბამება არც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა სასამართლს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“2 რელიგიური იდეების კრიტიკის შესაძლებლობაზე და ამგვარის კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაზე საუბრობენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებიც.3

3.  ნებისმიერი რეგულაციისა თუ პასუხისმგებლობის ზომის მთავარი ადრესატები პირველ რიგში საზოგადოების ის ჯგუფები უნდა იყვნენ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მსგავსი  ქმედებისათვის, იგი მიმართულია არა დომინანტი ჯგუფების გასაძლიერებლად (რომლებსაც ისედაც აქვთ საკმარისი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად), არამედ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ, შემოთავაზებული ინიციატივით დასჯადობის შემოღების მთავარ მიზანს საზოგადოებაში დომინანტური რელიგიური გაერთიანების- მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული კრიტიკის ჩახშობა წარმოადგენს.

4. განმარტებით ბარათში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე დაიცვას რელიგიური გრძნობები. გასათვალისიწინებელია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც რაიმე საერთაშორისო კონვენცია არ იცნობს ამგვარ უფლებასა თუ შესაბამის ვალდებულებას. რელიგიური გრძნობებისგან დაცვა არ მოიაზრება არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის ნაწილად, რომელიც რელიგიის თავისუფლებას იცავს. ამდენად, სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება დააწესოს მსგავსი რეგულაცია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ცნება საკმაოდ ბუნდოვანი და სუბიექტურია.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარკვეულმა ჯგუფებმა ძალადობრივად გამოხატეს უკმაყოფილება მხატვრების, მწერლების, ჟურნალისტების მიმართ4 სწორედ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პლურალიზმის, დისკუსიისა და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას, მათ შორის მიმართული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.

სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება.

ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და  არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით.

 1საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.106;

2Handyside v. the United Kingdom judgment of 7 December 1976, Series A no. 24, p. 23, §49 http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57499

3ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიისათვის (ვენეციის კომისია), ანგარიში“გამოხატვის თავისუფლების და რელიგიის თავისუფლებას შორის ურთიერთობის შესახებ”, 17-18 ოქტომბერი 2008, §76, 77, 81  http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-STD(2010)047-e

ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი11/06/2007 https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1116551&Site=COE;ევროპული საბჭოს რეკომენდაცია 1805(2007) „მკრეხელობარელიგიური შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა ადამიანთა წინააღმდეგ მათი რელიგიის გამო“ §4 http://www.assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17569&lang=en

4მათ შორის, თავდასხმა რუსთავი 2-ის თანამშრომლებზე; აგრესია, რომელიც მოყვა ლია უკლებას ნახატს “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” და სხვა.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო

კონსტიტუტიიც 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)