News

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დ

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას და იმ პრობლემებს, რაც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში უმცირესობის ინიციატივით არც ერთი კომისია არ შექმნილა. შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება კომისიის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ზიანი არ მიადგეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის იდეას და მის საქმიანობას - როგორც მნიშვნელოვან საპარლამენტო კონტროლის მექანიზმს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პოლიტიკურ ორგანოში შექმნილი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია და მისი საქმიანობა, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი დასკვნა, ვერ იქნება სრულად დაცლილი პოლიტიკური განწყობებისგან. თუმცა, ამავდროულად მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მთლიანობაში პასუხობს კომისიის დასახულ მიზანს და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

კომისიის საქმიანობის პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, დანაშაულის ობიექტური და ხარისხიანი გამოძიების მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, რომელიც დაუყოვნებლივი და ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამდენად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები შსს-სა და პროკურატურის სისტემის საფუძვლიანი რეფორმისთვის. ასევე, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები იყოს გამოყენებული იმ პირების მიმართ, რომლებიც რაიმე ფორმით, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, ხელს უშლიდნენ ან აფერხებდნენ უმძიმეს დანაშაულზე მართლმსაჯულების აღსრულებას და ვის ქმედებებშიც შესაძლოა გადაცდომები ან დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.

საპარლამენტო კომისიის დასკვნა საერთო ჯამში 32 რეკომენდაციას შეიცავს, მათ შორისაა, შესაბამისი რეაგირების ზომების შესახებ რეკომენდაცია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ მოხელეთა/თანამდებობის პირთა მიმართ (11 პირი).

საგამოძიებო კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა ამ საქმის გამოძიების არაერთი ხარვეზი, რომელთა სიმრავლე და სიმძიმე ეჭვქვეშ აყენებს საგამოძიებო ორგანოების ობიექტურობას. ეჭვებს აძლიერებს ორი ფაქტორი: ერთი მხრივ, თვალშისაცემია საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით/არასრულად ჩატარება იმ მიმართულებებით, რაც გამოძიების მხრიდან ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს როლის გამოკვეთას ეხებოდა.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მ.კ.-ს ბიძის, პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ფაქტორი, რაც საქმეში არსებულ არაერთეულ და ზედაპირულ, არამედ ძირეულ ხარვეზებთან ერთად, ქმნის გამოძიების ტენდენციურობის განცდას. სწორედ ეს გარემოებები იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო უწყებების მიმართ სერიოზული უნდობლობის მიზეზი, რასაც შედეგად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოძიების პროცესში. კერძოდ, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პროკურატურას გამოძიების მასალებით უნდა სცოდნოდა, რომ მ.კ. ჩხუბის დროს შესაძლოა ჰქონოდა იარაღის მსგავსი საგანი, მოწმეებისგან შეეძლო მიეღო ინფორმაცია, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჯიბეში ჩაიყო. შეეძლო დაედგინა მ.კ.-ს ტანსაცმელზე სარალიძის სისხლის კვალის არსებობის საკითხი. შეეძლო გამოეკვეთა დანაშაულის მოტივი. თუმცა, სამართალდამცავებმა სათანადოდ არ შეისწავლეს გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეო მასალა. მოწმეებს არ დაუსვეს შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევაში, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, პროკურორმა მოწმეს მიუთითა, რომ მისი ინფორმაცია - მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო - არ იყო მნიშვნელოვანი და დაიყოლია არ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის. სამართალდამცავებს არ ამოუღიათ მ.კ.-ს სავარაუდოდ სისხლიანი ტანსაცმელი და არ ჩაუტარებიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩხუბის მთავარი ფიგურანტების, მათ შორის, მ.კ-ს მიმართ. არ დაუკითხავთ გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას მ.კ.-ს შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხელწერა და გამოძიების პროცესის ხარვეზების ტენდენციურობა კონკრეტული მიმართულებით, პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ეს ინდივიდუალური გამომძიებლების დონეზე დაშვებულ, პროცეუდურულად უმნიშვნელო შეცდომებს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პრობლემურია ქვეყანაში გამოძიების ხარისხი, ამ საქემში ზემოთხსენებული ფაქტორების ერთობლივი არსებობა, ამ შემთხვევის სპეციფიურობაზე მიუთითებს.

ფაქტია, სახელმწიფომ ვერ დაიცვა დავით სარალიძის სიცოცხლის უფლება და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოეძიებინა სიცოცხლის ხელყოფის საქმე. გამოძიება წარმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ხელი შეეშალა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. ამიტომ, ხელმომწერი ორგანიზაციები საფუძვლიანად და არგუმენტირებულად მივიჩნევთ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასდა მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს: 

1. საკუთარი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გაიზიარონ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ამ საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში;

2. გაატარონ საკანონმდებლო ცვლილებები საგამოძიებო და სამართალდამცავ სისტემაში, გამოძიების ხარისხის და ობიექტურობის გაზრდის მიზნით. ასევე, გადადგან ნაბიჯები სასკოლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტების პრევენციის მიზნით, რაც რეკომენდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში;

3. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შესასწავლად და დადგინდეს გამოძიების ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები. (აღნიშნულის აუცილებლობაზე საუბრობს აგრეთვე სახალხო დამცველი). 

სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებელ უწყებათა უმოქმედობა და აღნიშნული კომისიის მიგნებების და რეკომენდაციების მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის საგნად ქცევა გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტის 95 წევრის მხარდაჭერილი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტით საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის ჩაქრობას და არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე. 

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI) 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)