2012 საპარლამენტო

27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების შეფასება


2013 წლის 27 აპრილს ნაძალადევის #9, ბაღდათის #52 და სამტრედიის #54 საარჩევნო ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ ოლქების ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტში საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ოლქებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო პარლამენტს სამი წევრი გამოაკლდა. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.

საარჩევნო გარემო

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2013 წლის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მთლიანობაში, სამივე საარჩევნო ოლქში საარჩევნო გარემო კონკურენტული იყო. კანდიდატებს ეძლეოდათ საშუალება თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, გაევრცელებინათ სააგიტაციო მასალები, გაემართათ შეხვედრები ამომრჩევლებთან. ამომრჩევლები არ იყვნენ შეზღუდული დასწრებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებს და გამოეხატათ საკუთარი პოზიცია რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად.

აღნიშნულ ოლქებში, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ნაკლებად ვრცელდებოდა ინფორმაცია პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშირებით. ძირითადად, ზეწოლა-მუქარისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახმაურებდა, თუმცა გადამოწმების შედეგად, ხშირად ფაქტები არ დასტურდებოდა.

სამტრედიის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა - ერთ შემთხვევაში, ხონის პოლიციის უფროსის მიმართ წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო, მეორე შემთვევაში, ადლობრივი გაზეთის მიმართ ბეჭდური სააგიტაციო მასალის დამზადების წესების დარღვევის გამო. სამწუხაროდ, სასამართლომ არც ერთი შემთხვევა არ მიიჩნია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად და თავის გადაწყვეტილებებში საკმაოდ ვიწროდ განმარტა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, რაც მომავალში შესაძლოა ნეგატიური პრეცედენტი გახდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების აღკვეთის თვალსაზრისით.

წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების საგამოძიებო ორგანოებში დაბარების ფაქტები, რაც მათ მიერ აღიქმებოდა, როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა და პარტიულ საქმიანობაში ხელშეშლა. ამ ტენდენციის საპასუხოდ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა სამართალდამცავ უწყებებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში შეეწყვიტათ კამპანიაში ჩართული აქტივისტების დაკითხვებზე დაბარება. აღნიშნული რეკომენდაციის შემდეგ მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონია, რაც მისასალმებელი ფაქტია. კომისიის რეკომენდაციით, ასევე, არჩევნების დღემდე ერთი კვირით ადრე შეჩერდა სოციალური რეკლამები, რომლბიც ეხებოდა  სოფლის მეურნეობის ბარათებს.

უწყებათაშორისი კომისიის მიერ გამართული შეხვედრები პოლიტიკური პარტიებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და დებატების მისაღები ფორმატი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე მოცემული შუალედური არჩევნებისას წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობის შესახებ დისკუსიამ ცესკოს ნაცვლად უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში გადმოინაცვლა.

წინასაარჩევნო პერიოდში მედია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, სამმა დიდმა მაუწყებელმა „იმედმა“ „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადეს, რამაც შესაძლოა გარკვეულწილად დააბრკოლა კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უარით მაუწყებლებს კანონი არ დაურღვევიათ, ამ საკითხზე იმსჯელა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და ყველა საერთო ეროვნულ მაუწყებელს,  მათ შორის შპსსტუდია მაესტროს“, შპსმეცხრე არხსდა შპსტელეიმედს მიეცათ რეკომენდაცია, „რათა მათ მიმდინარე შუალედური არჩევნებისას,იმის გათვალისწინებით რომ ადგილობრივთან ერთად ისინიც ფარავენ ბაღდათს, თბილისსა და სამტრედიას, განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამები უფასოდ, კანონით განსაზრული მოცულობით“. აღნიშნული პრობლემა განაპირობა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც რეკლამის განთავსების ვალდებულება შუალედური არჩევნებისას მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებლებზე ვრცელდება. ადგილობრივ მაუწყებელს კი კანონი ძალიან ვიწროდ განმარტავს რაც შუალედურ არჩევნებზე ქმნის საფრთხეს, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება არც ერთ მაუწყებელს აღარ ექნება.

საარჩევნო ადმინისტრაცია

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ძირითადად ხარვეზების გარეშე წარიმართა, გარდა ნაძალადევის #9 საარჩევნო ოლქისა, სადაც, #5, #18 და #38 საარჩევნო უბნების კომისიის წევრების არჩევის პროცედურასა და სხდომის ოქმში აღმოჩენილი ხარვეზების გამო, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა ნაძალადევის #9 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, გაფრთხილება გამოეცხადა ამავე საოლქო კომისიის მდივანს, ხოლო სამივე უბნის კომისიის წევრების არჩევის შესახებ საოლქო კომისიის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი. აღსანიშნავია ასევე, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, ამავე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრებიდან საუბნო საარჩევნო კომისიების 14 თავმჯდომარე და 15 მოადგილე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები იყვნენ. ამ გარემოებასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბრალს საკონკურსო დოკუმენტაციის გაყალბებაში დებდა და ითხოვდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ცესკოს საქმიანობის მიმართ ძირითადი კრიტიკა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. 2013 წლის 26 თებერვლის #7/2013 დადგენილებით ცესკომ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. ინსტრუქციით განიმარტა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა). შედეგად, ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მხოლოდ მმართველი კოალიციის წევრი პარტიების კანდიდატებს მიეცათ.      

აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნების დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს, რასაც ცესკოს საპასუხო განცხადებები მოყვა. საპასუხო გაცხადებაში ცესკომ დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუთითა: „პოლიტიკური ველის დრამატული ცვლილებების ფონზე [..] ხელახლა გაიაზრონ საკუთარი როლი საარჩევნო პროცესში.“ შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან არაკორექტულ და არაეთიკურ ქმედებად შეფასდა.

 აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013 წლის 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნები პირველი არჩევნები იქნება, რაც ახალი ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ტესტს წარმოადგენს. ორგანიზაციების მოსაზრებით, განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული დებულებები დასახვეწია, მათ შორის ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საარჩევნო რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმები.

 კენჭისყრის დღეს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას ორგანიზაციები კვლავაც აქტიურად დააკვირდებიან, როგორც მობილური ჯგუფების, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში დამკვირვებლების მეშვეობით. „სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგს 81 დამკვირვებლების მეშვეობით განახორციელებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამივე საარჩევნო ოლქში 55 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაკვირვებას 6 მობილური ჯგუფის მეშვეობით აწარმოებს. შუალედური არჩევნების დღეს ასევე იმოქმედებს ორგანიზაციების უფასო SMS ნომერი 90039, რომელზეც საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ გამოაგზავნოს ინფორმაცია ნებისმიერი მობილური ოპერატორის ქსელიდან.  

 

By-Elections Joint NGO Statemen27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების შეფასებაt