კონფიდენციალურობის განაცხადი

ორგანიზაციის შესახებ 

ა(ა)იპ  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ს/ნ 201949311; მის.: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მერაბ კოსტავას ქუჩა, N 43ა, ტელ.: 0 800 800 102, ელ. ფოსტა: info@isfed.ge) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა არასამთავრობო, არაპოლიტიკურ, არაკომერციულ, წევრობაზე დაფუძნებულ ნებაყოფლობით კავშირს.  

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანია: საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, საარჩევნო პროცესებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე სამოქალაქო მონიტორინგი, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, პოლიტიკურ-სამოქალაქო და სხვა უფლებების დაცვა. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. ამასთან, ახორციელებს ხმებისა და აქტივობის პარალელურ დათვლას.  

ამ მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია: ახორციელებს ყველა დონის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის არაპარტიულ, მიუკერძოებელ მონიტორინგს სადამკვირვებლო მისიის საშუალებით. მონიტორინგი მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდს; ეწევა იურიდიულ დახმარებას, ადვოკატირებას; გასცემს რეკომენდაციებს და შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებებისა თუ მოვლენების შესახებ; ახორციელებს ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროების, აგრეთვე, მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის მონიტორინგს; განხორციელებული საქმიანობის და მონიტორინგის შედეგების შესახებ აქვეყნებს ანგარიშებს; თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ადგილობრივ და საზღვარგარეთის საქველმოქმედო ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას.  

 

კონფიდენციალურობის განაცხადის არსი 

ორგანიზაცია აღიარებს და იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას, უზრუნველყოფს მონაცემების კონფიდენციალურობას, მთლიანობას, უსაფრთხოებას და დამუშავების ყველა შემთხვევის კანონიერებას. წინამდებარე განაცხადი მიემართება ყველა იმ ფიზიკურ პირს, რომელთა მონაცემებსაც ამუშავებს ორგანიზაცია წევრობის, მომსახურების, იურიდიული დახმარების, ტრენინგის, დასაქმების, სასტიპენდიო, საგრანტო და სხვა სახის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის მიზნით.  

ეს განაცხადი და ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული დოკუმენტები, გადაწყვეტილებები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ყველა ოპერაცია ეფუძნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. მონაცემთა დამუშავებისას უპირატესად გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 

 

განაცხადი პასუხობს შემდეგ კითხვებს

  • რა არის პერსონალური მონაცემი? 
  • ვის მონაცემებს ვაგროვებთ? 
  • როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს? 
  • რა ინფორმაციას ვაგროვებთ? რატომ და რისთვის? 
  • რა არის ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები და დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი?  
  • რა მოხდება, თუ არ მოგვაწოდებთ მონაცემებს, რომელსაც ჩვენ სავალდებულოდ ვითხოვთ? 
  • ვისგან ვიღებთ და ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს? 
  • რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს? 
  • რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით? 
  • როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი უფლებები? 

 

რა არის პერსონალური მონაცემი

პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს. მაგალითად, სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლების, სამუშაო ადგილის, პროფესიული მიღწევების შესახებ ინფორმაცია, დაბადების თარიღი, პოლიტიკური შეხედულებები, ფოტოსურათი და სხვა. 

 

ვის მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენ მიერ გამოცხადებული კონკურსების/ვაკანსიის კონკურსანტების, იურიდიული დახმარების მიღების მსურველი ბენეფიციარების,  ტრენინგებზე თუ სხვა თემატურ ღონისძიებებზე დამსწრე პირების, ორგანიზაციის თანამშრომლების, წევრების ან ასეთი წევრობის მსურველების შესახებ, ასევე საჯარო მოხელეებისა და მათ მიერ საჯაროდ გამოხატული ან/და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევასთან (აგიტაციის წესების დარღვევა და სხვა).  

 

როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ სხვადასხვა კანონიერი გზით, მათ შორის: 

  • თქვენ თავად გვაწვდით მონაცემებს; 
  • ავსებთ ონლაინ ან მატერიალურ განაცხადს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ან ადგილზე; 
  • გვიკავშირდებით ტელეფონით და გვიზიარებთ ინფორმაციას; 
  • გვიკავშირდებით ფოსტით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გვიზიარებთ ინფორმაციას; 
  • წერილობითი ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ვიღებთ ინფორმაციას მესამე პირებისგან; 
  • საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. 

 

რა ინფორმაციას ვაგროვებთ? რატომ და რისთვის

შეგროვებულ მონაცემთა ძირითადი კატეგორიები, მიზნები და საფუძვლებია: 

 

მონაცემი

მიზანი

საფუძველი

პირდაპირ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მაგ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა).

იურიდიული მომსახურების გაწევა, ხელშეკრულების გაფორმება, განაცხადის განხილვა, ორგანიზაციის წევრად მიღება და სხვა. 

თქვენი თანხმობა; მომსახურების გაწევა/განცხადების განხილვა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები; ორგანიზაციის საკანონმდებლო ვალდებულება.

საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი,  ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი).

თქვენთან კომუნიკაცია, თქვენი განცხადებების/მომართვების განხილვა; თქვენი ინფორმირება.

თქვენი თანხმობა ან განცხადების განხილვა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ორგანიზაციის  კანონიერი ინტერესები; საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება.

საბანკო რეკვიზიტები (მხოლოდ თანამშრომლების და ხელშემკვრელი მხარის შემთხვევაში).

ხელშეკრულების პირობების შესრულება, ანგარიშსწორება. 

სახელშეკრულებო ვალდებულებებისა  და საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება.

დასაქმების/პროფესიის, ასევე, განათლების შესახებ, ინფორმაცია; 

თქვენი შექმნილი პროექტი/იდეა/ნაშრომი (კონკურსების შემთხვევაში).

ვაკანსიაზე ან კონკურსზე შემოტანილი განაცხადის განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა; ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა; ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენა.

განცხადების განხილვა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება; ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები; საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება.

საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ წესებთან შეუთავსებელი საჯაროდ გამოხატული აქტივობები ან განხორციელებული ქმედებები.

საარჩევნო დარღვევების იდენტიფიცირება და პრევენცია, რელევანტური ორგანოების და საზოგადოების ინფორმირება. 

საჯარო ინტერესი, სუბიექტის მიერ მონაცემების საკუთარი ნებით გასაჯაროება, ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები.

სხვადასხვა დოკუმენტსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ (პირადობა, პასპორტი, კერძო კომპანიიდან თუ ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციები, საჩივრები, სარჩელები, სასამართლო აქტები, იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტები).

იურიდიული დახმარების გაწევა, ადვოკატირება, წარმომადგენლობა, რელევანტური უწყებების ინფორმირება, უფლებების აღდგენა.

თქვენი თანხმობა ან განცხადების განხილვა/მომსახურების გაწევა; საკანონმდებლო  და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

 

რა არის ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები და დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი?   

მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ამის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დამუშავების ყველა ეტაპზე ვალდებულნი ვართ დავიცვათ მონაცემთა დამუშავების პრინციპები (კანონიერი კონკრეტული მიზნით დამუშავება, გონივრული ვადით და მოცულობით, თქვენი ღირსების შეულახავად, სამართლიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების, მონაცემების სინამდვილის და სიზუსტის დაცვით). 

მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი ინფორმირებული თანხმობით ან თქვენთვის მომსახურების გასაწევად (თქვენი განცხადების განსახილველად), კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელშეკრულებო და საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად, საჯარო და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის, როგორიცაა: საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; სამართლიანი, ობიექტური, თანასწორი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება; დემოკრატიული რეფორმების განხორციელება; ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა; ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; მმართველობის დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება; ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა როლისა და ჩართულობის გაზრდა; სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება; პოლიტიკურ-სამოქალაქო და სხვა უფლებების დაცვა; არჩევნების, დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები რამდენიმე საფუძვლით, იმის მიხედვით, თუ რა კონკრეტულ კანონიერ მიზანს ემსახურება დამუშავება.

 

რა მოხდება, თუ არ მოგვაწოდებთ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ სავალდებულოდ ვითხოვთ

ჩვენ გვჭირდება გარკვეული ინფორმაცია, რათა გაგიწიოთ მომსახურება და შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა შევძლოთ თქვენთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება,  ფინანსური ინფორმაცია - გაწეული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია თქვენთან დაკავშირების, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების, იურიდიული დახმარების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული სტრატეგიული მოქმედებების შესაჯერებლად და ა.შ. 

თუ თქვენ არ მოგვაწოდებთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, ჩვენ ვერ გაგიწევთ მომსახურებას, ვერ დავიცავთ თქვენს უფლებებს, ვერ შევადგენთ იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციას, ვერ ჩაგრთავთ გამოცხადებულ კონკურსში, როგორც კონკურსანტს და ა.შ. 

 

ვისგან ვიღებთ და ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს

კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ჩვენ უფლება გვაქვს, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ უშუალოდ თქვენგან, მესამე პირებისგან, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით. 

ჩვენ მხოლოდ თქვენი თანხმობით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და პროპორციული მოცულობით  ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს. კერძოდ: 

  • საზედამხედველო ორგანოებს; 
  • სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე; 
  • ჩვენი დავალების შემსრულებელ უფლებამოსილ პირებს (IT სერვის პროვაიდერები; აუდიტორული იურიდიული ან სხვა პროფესიული სერვისის გამწევი კომპანიები), რომელთანაც ვაფორმებთ წერილობით ხელშეკრულებებს მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის სხვა დათქმებით; 
  • დონორ ორგანიზაციებს ანგარიშგების მიზნით (დონორების ნუსხა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://isfed.ge/geo/partners) მათთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების ფარგლებში და   კანონიერი საფუძვლით მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და სუბიექტის უფლებების რეალიზების მაღალი სტანდარტები. სხვა ქვეყნებში მონაცემთა გადაცემა ხდება მხოლოდ სუბიექტის წერილობითი თანხმობით და ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მათ შორის არეგულირებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხარეთა უფლება - მოვალეობებს. 

 

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების მისაღწევად (მაგალითად, საგრანტო განაცხადები ინახება კონკურსის დასრულებიდან 6 თვის ვადით,  საარჩევნო მიზნებისათვის დამუშავებული მონაცემები  -  შესაბამისი არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებიდან და სასამართლო დავების დასრულებიდან 5 წლის ვადით, ფინანსურ და საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებული დოკუმენტები 6 წლის ვადით).  კონკრეტული პროექტის ფარგლებში დამუშავებული ყველა სახის მონაცემების შენახვის ვადები, ლეგიტიმური მიზნებიდან ან საკანონმდებლო/სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე არის ასევე  განსაზღვრული.  

 

რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით

ორგანიზაცია პატივს სცემს და იცავს მონაცემთა სუბიექტის კანონმდებლობით გარანტირებულ ყველა უფლებას. თქვენ გაქვთ მთელი რიგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ეს მოიცავს: 

  • იყოთ  ინფორმირებული, თუ რა მიზნით, საფუძვლითა და ფორმით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს; 
  • მიიღოთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე, უსასყიდლოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგენილი გვაქვს გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო) გამოითხოვოთ მათი ასლები; 
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შესწორება, განახლება, შევსება, იმ შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ ის არასწორია, არასრული ან არაზუსტია. ასევე მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა/განადგურება/დაბლოკვა თუ ფიქრობთ, რომ დამუშავების პროცესი უკანონოა ან ეს საჭიროა თქვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის; 
  • გააუქმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა; 
  • მოითხოვოთ მონაცემების პორტირება (გადატანა); 
  • გამოთქვათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები/ საჩივრები უშუალოდ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან ან  გაასაჩივროთ ორგანიზაციის ქმედებები სასამართლოში ან საზედამხედველო ორგანოში. 

 

როგორ უნდა მოითხოვოთ  თქვენი უფლებების რეალიზება

თუ გსურთ თქვენი რომელიმე უფლების რეალიზება ან პრეტენზიის დაფიქსირება, გაქვთ შენიშვნები/რეკომენდაციები ან გსურთ მეტის გაგება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ადმინისტრაციას: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მერაბ კოსტავას ქუჩა, №43ა, ტელ.: 0 800 800 102, ელ. ფოსტა: info@isfed.ge. 

 

განაცხადის ცვლილება 

წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადი პერიოდულად განახლდება, მონაცემთა დამუშავების პროცესების და მოქმედი რეგულაციების შეცვლის შესაბამისად. განაცხადის განახლების/შეცვლის შესახებ გაცნობებთ ამავე ვებგვერდის საშუალებით.