2012 საპარლამენტო

წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, 2012 წლის 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე  წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება გაავრცელეს.

სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება:

სახელმწიფოს სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის 

ცვლილებები - მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები საარჩევნო კანომდებლობაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას, რაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში რიგი 

რეგულაციების შემოღება. პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დამძიმდა, თუმცა მასთან შედარებით უკიდურესად რბილი და არაპროპორციული დარჩა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო 

გამოყენების ზედამხედველობის კუთხით არსებული კანონმდებლობა.

კანონის შერჩევითი აღსრულება  სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან ხშირად შერჩევითად ხდებოდა რეაგირება მმართველი და ოპოზიციური პარტიების 

მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებზე, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი ლოიალობასა და ოპოზოციური პარტიების მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეში 

გამოიხატებოდა; ყურადღების ღირსია პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით დადგენილი არაპროპორციული სანქციები (ჯარიმები), რომლებმაც რიგ შემთხვევებში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის პარალიზება შეძლო, ამის პარალელურად კი, რეაგირების გარეშე დატოვა მნიშვნელოვანი დარღვევბი ჩადენილი მმართველი პარტიის მხრიდან. განსაკუთრებული სიმწვავით დგება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც აუდიტის სამსახურის მუშაობაში არაერთი სერიოზული ხარვეზი იკვეთება, მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ასრულებდეს ბალანსისა და უფლებების დაცვის 

გარანტის ფუნქციას. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა.

სახელმწიფო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა - გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების სახსრები ისეთი პროგრამების დაფინანსებისთვის 

გამოიყენებოდა, რომლებიც ძირითად გათვლილი იყო ამომრჩეველთა ფართო მასების გულის მოსაგებად და არა ქვეყნის გრძელვადიან 

პრიორიტეტებზე. ასეთი პროგრამის მაგალითი იყო, სტუდენტური დასაქმების პროგრამა Summer Job; სტუდენტური ფესტივალი და სხვა; ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, საგრძნობლად და დაუსაბუთებლად გაიზარდა ხანმოკლე კონტრაქტით დაქირავებულ თანამშრომელთა რიცხვი; გაიზარდა სოციალური და კეთილმოწყობის პროექტების დაფინანსება.

სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება - სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები (საჯარო მოხელეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე კანონშეუსაბამო პარტიული დავალებების გაცემას; მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის გაურკვეველი მიზნებით შეგროვებას; დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზებას და სოციალური რეკლამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, მუქარა და ძალადობა:

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება-დაპატიმრებები - პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება წლის განმავლობაში შედარებით იშვიათად ფიქსირდებოდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, დაკავებებმა იმატა, სექტემბრის ბოლოს კი ასეთი შემთხვევები უპრეცედენტოდ გაიზარდა და საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. 19 სექტემბრის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების დაახლოებით 40ზე მეტი აქტივისტი იქნა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული, რასაც თითქმის არცერთ შეთხვევაში არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები და ყველა შემთხვევაში დარღვეულია ადამიანის 

უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი სტანდარტები.

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები - ხშირი იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებების შემთხვევები, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორშიც, სულ ჩვენს მიერ აღრიცხულია 57 შემთხვევა;

ძალადობა და მუქარა პოლიტიკური ნიშნით - პოლიტიკური პარტიების აქტივისტები მთელი წლის განმავლობაში საუბრობდნენ მათ მიმართ განხორციელებული მუქარისა 

და დაშინების ფაქტებზე, რაშიც ხშირ შემთხვევაში თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობდნენ. ჩვენ მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირებულ იქნა 50-მდე მსგავსი შემთხვევა. რეგიონებში საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, ძალადობრივმა ქმედებებმა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა იმატა, რამაც განსაკუთრებულ მასშტაბებს სექტემბრის მე-2 ნახევარში მიაღწია. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავ ორგანოებმა არ გამოიჩინეს სათანადო და დროული რეაგირება აღნიშნული ინციდენტების დროულად 

და ეფექტურად გამოძიების თვალსაზრისით.

მედია გარემო:

.. Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების დამკვიდრება - დადებითი მოვლენა იყო ამ პრინციპების დამკვიდრება, რომლებიც საკაბელო კომპანიებს ავალდებულებენ, ჩართონ ყველა საერთო მაუწყებელი ქართული არხი და ასევე არ აძლევენ საშუალებას ტელეკომპანიებს, გამოითიშონ საკაბელო კომპანიების მომსახურებიდან. ასეთი რეგულაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამომრჩევლამდე დივერსიფიცირებული ინფორმაციის მიწოდების საქმეში. თუმცა, აღნიშნული პრინციპები მოქმედებას წყვეტს კენჭისყრის დღეს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად  ნეგატიური გავლენა იქონიოს არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე ამომრჩევლის 

ინფორმირების კუთხით.

სატელიტური თეფშების დაყადაღება - იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანიების გარკვეული ქონება კანონთან შეუსაბამოდ იქნა დაყადაღებული. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია გლობალ კონტაქტ კონსალტინგი-ისა და ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარიმართა, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საკითხი მედია საშუალებების თავისუფალ საქმიანობას ეხება.

საქმიანობაში ხელის შეშლა  არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მუქარისა და ზეწოლის ფაქტები. თითქმის არცერთ შემთხვევაზე არ წარმართულა ეფექტური გამოძიება, რომელიც კანონით გათვალისიწინებულ პასუხისმგებლობას დააკისრებდა დამრღვევთ.

საარჩევნო უბნებზე აუდიო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები - რამდენიმე დღის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება საარჩევნო უბნებზე ფოტო/ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუმართლებელ და შაბლონულ შეზღუდვებს უწესებს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა 

და დამკვირვებლებს, რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება პროცესის გამჭვირვალობაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს არსებული დარღვევების 

დაფიქსირების შესაძლებლობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, რაც ზოგადად არ არის მიზანშეწონილი.

საარჩევნო სიები

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია - ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის შედეგად, გასულ არჩევნებთან შედარებით, დაზუსტებულ იქნა მონაცემები საზღვარგარეთ გასული, გარდაცვლილი და რეგისტრაციის მისამართზე არმცხოვრები მოქალაქეების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია გაუქმებული ამომრჩევლების საარჩევნო სიაში დაბრუნების თაობაზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამომრჩეველთა რიცხვი საარჩევნო სიაში და არჩევნების დღეს აღნიშნული ამომრჩევლებით 

უკანონო მანიპულირების საშუალება დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებულია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ფუნქციას შორის ზღვარის არ არსებობით. აღნიშნული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს და თითქმის შეუძლებელს 


ხდის ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას. ასევე, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი თითქმის სრულად იყო მოკლებული თემატურ დისკუსიებს, მსჯელობებსა და განხილვებს. ამის სანაცვლოდ, საზოგადოება მომსწრე გახდა პოლიტიკურ ძალების უკიდურესი პოლარიზების, დაპირისპირების, აგრესიის და სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების.

 

ამჯერად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე, როგორც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ გარემოში და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით წარიმართოს, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა და აღნიშნული ნება შესაბამისად 

იქნას ასახული არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში.