2013 საპრეზიდენტო

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში (პრესრელიზი)

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)  2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. 
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნები“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის პროცესში.

 „სამართლიანი არჩევნების’’ შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა იყო ღია და ხელს უწყობდა ადგილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიტიკურ პარტიებთან  თანამშრომლური გარემოს ჩამოყალიბებას. ისფედმა გააკრიტიკა ცესკოს გადაწყვეტილება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი თქმის შესახებ საკითხს, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„წინასაარჩევნოდ კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენდა პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა საკანონმდებლო რეკომენდაციები და მონაწილეობა მიეღო განხილვებში. კომისიის მუშაობის შედეგად საარჩევნო კანონმდებლობაში მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები შევიდა, თუმცა, ჯგუფში არ მომხდარა მსჯელობა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა,  საარჩევნო სისტემის ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის, ამომრჩეველთა სიების ფორმირება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და სხვა.“ - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ.

ISFEDის იურისტი, ნინო ჯანაშია ამბობს, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზზე რაგირებისა და თავიდან აცილების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. პრობლემატური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასმული  საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვის საკითხი, რადგან კომისიის სხდომები ხშირად პოლიტიკური დებატების ადგილი ხდებოდა.“ 

ორგანიზაციის შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ შეუსწავლია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი მოსყიდვის არც ერთი ფაქტი. 

არჩევნების დღის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათის იყო.  “არჩევნების დღის საჩივრების განხილვა გამჭვირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა. საოლქო კომისიების მიერ ხდებოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და დაეფიქსირებინათ ორგანიზაციის პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე. უმეტეს შემთხვევებში საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები იყო დასაბუთებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში საჩივრების არდაკმაყოფილების დროს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული რატომ იქნა მიჩნეული საჩივარი უსაფუძვლოდ.“ - აცხადებს ISFED-ისიურისტი, ელენე ნიჟარაძე. „სამართლიანი არჩევნების“ საბოლოო ანგარიშში არჩევნების შეფასებასთან ერთად, სამომავლო რეკომენდაციებს წარმოადგენს.
                              
ვრცლად ორგანიზაციის დასკვნებსა და რეკომენდაციებს გაეცანით ორგანიზაციის ანგარიშში.