2013 საპრეზიდენტო

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის და უახლესი დარღვევები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა, ასევე, 73 მობილური ჯგუფი.  

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს აკვირდება საერთაშორისოდ აღიარებული, მოწინავე მეთოდოლოგიით - ხმების პარალელური დათვლა (PVT). ორგანიზაციამ მიავლინა PVT დამკვირვებლები ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში. ხმების პარალელური დათვლა საშუალებას გვაძლევს მაღალკვალიფიციური დამკვირვებლების საშუალებით შევაფასოთ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგები. 

“სამართლიან არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. ,,სამართლიან არჩევნებს’’ წარმატებით ჩატარებული აქვს 7 PVT, მათ შორის 2003 წლის არჩევნების ისტორიული PVT.

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიღებულია PVT-ის ყველა დამკვირვებლისგან (100%).

ძირითადი დასკვნები

,,სამართლიანი არჩევნების’’ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად,  17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 38.2% (+/-1.1% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 52.1 პროცენტს შეადგენდა. 

დარღვევები

 „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც დაფიქსირდა არასთანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, მარკირების პროცედურის დარღვევისა და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.

ამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

 აგიტაცია #43 (დმანისი) საარჩევნო უბანზე - საარჩევნო კაბინაში შემოხაზული იყო ნომერი 5;
 არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის  4 შემთხვევა - #4, #2, #19 (ახალციხე) და #33 (მარტვილი); 
 არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 3 შემთხვევა  #28 (სიღნაღი),#22 (დუშეთი) და #120 (ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე; 
 საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 2 ფაქტი -  #27(კასპი) უბანზე არ ივსებოდა სადემონსტრაციო ოქმი, თუმცა დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა; #43 (დმანისი) საარჩევნო უბანზე ბლოკნოტიდან ბიულეტენის ამოხევის დროს,  ბლოკნოტში არ დარჩენილა ბიულეტენის ის ნაწილი, რაზეც  მითითებულია ბიულეტენის ნომერი. ასეთი სახით გაიცა სამასამდე ბიულეტენი;
 ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა  #22 (ჩოხატაური) საარჩევნო უბანზე -  კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა;
 მარკირების არ შემოწმების 4 შემთხვევა #20(კასპი) საარჩევნო უბანზე;
 მარკირება არ გაკეთდა  #37 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
 #33 (საბურთალო) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი დახვდა მოწერილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება;
 #14 (ვანი) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ერთიანი სიით და გადასატანი ყუთით;
 #23 (მცხეთა) საარჩევნო უბანზე ძირითადი ყუთი  უბნის გახსნიდან 14:30 საათამდე იყო დაულუქავ მდგომარეობაში, ხოლო 14:30 საათზე დაილუქა.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 40 საჩივარი.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:30 საათზე.


სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ევროკავშრის (EU) დაფინანსებით. ზემოთ გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არცევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს EU-ს, NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.