2013 საპრეზიდენტო

არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება

მოკლე მიმოხილვა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანობაში დადებით შეფასებას იმსახურებს და 2012 წელთან შედარებით გაცილებით მშვიდ ვითარებაში, ნაკლები დარღვევების ფონზე წარიმართა.

2013 წლის დასაწყისში პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შემუშავება მოახერხა. ძირითადად, ეს ცვლილებები პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საარჩევნო სიების ფორმირებას შეეხებოდა. ცვლილებები არ შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას, საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, კენჭისყრის პროცედურებს; ასევე, საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.    

2012 წლის არჩევნების დროს ერთ-ერთ მთავარი პრობლემას საარჩევნო მიზნებით ადმინისტრაციული რესურსების მასობრივი გამოყენება წარმოადგენდა. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები დაფიქსირა, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო. რესურსების გამოყენება, ძირითადად გამოიხატებოდა საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობთ როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ, რაც ცალსახად ახალ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს. 

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოტივით ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავების ფაქტები ფაქტობრივად არ ყოფილა. რამდენიმე რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დასაკითხად იყვნენ დაბარებულები. საქმე აღიძრა რამდენიმე გამგებლის წინააღმდეგ. 

„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, 2013 წელს წინასაარჩევნოდ მთლიანობაში  60-მდე დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს ციფრი 300-ის ფარგლებში იყო. 

2012 წელთან შედარებით, 2013-ში წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო მეტად პლურალისტური იყო. მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდა განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებზე. პრობლემად დარჩა საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელმაც არხზე შექმნილი კრიზისის გამო ვერ მოახერხა მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირება. 

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისმა კომისიამ უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ახალი ფორმატის კომისიამ სულ 30-მდე რეკომენდაცია და განმარტება შეიმუშავა და მისი საქმიანობა მთლიანობაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისია დატოვა, რადგან კომისიის სხდომებზე ხანდახან კომისიის თავმჯდომარის მხრიდან არაკონსტრუქციული მიდგომები შეიმჩნეოდა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2013 წელს წინასაარჩევნო პერიოდში არ იყო აქტიური, რაც ამ უწყების ეფექტური მუშაობის კუთხით გარკვეულ კითხვებს აჩენდა.

პოლიტიკური პარტიები, ზოგადად, თავისუფლად აწარმოებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიის დასაწყისში გარკვეული პრობლემები შეექმნათ „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, როდესაც მათ მოქალაქეთა ორგანიზებული ჯგუფები საჯარო შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია შედარებით უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა. კომისიის თავმჯდომარე ყველა მხარის კონსენსუსის საფუძველზე იქნა არჩეული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კომისიის მუშაობაზე. 

საკანონმდებლო ბაზა

საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა საია-ს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  მიერ წარდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თავიდან მაღალი სტანდარტების საარჩევნო კანონმდებლობის შექმნას აპირებდა, საბოლოოდ, საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით დაგეგმილიდან ბევრი არსებითი ხასიათის ცვლილება არ მიღებულა. შედეგად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით კვლავაც პრობლემურად რჩება ისეთი საკითხების მოწესრიგება როგორიცაა: საარჩევნო სისტემა,  საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, სახელმწიფო და პარტიული რესურსების მკვეთრად გამიჯვნა, ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულაციები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის საკითხები, საარჩევნო დავები, განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილი უბნები (სპეცუბნები), მედიარეგულაციები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება უშუალოდ დააყენონ საარჩევნო  პერიოდთან დაკავშირებული მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კომისიის წინაშე და კომისიის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომისია გასცემს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის. 

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომისიამ მართლაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა; განსაკუთრებით აღსანიშნავია კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოსამსახურეთა მონაწილეობის წესის დაზუსტებისა და ცალკეული წესების განმარტების კუთხით. თუმცა, სამწუხაროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასმული პრობლემატური საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვის ნაცვლად, კომისიის სხდომები პოლიტიკური დებატების ადგილი ხდებოდა. 

მიუხედავად იმისა რომ კომისიის მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა არაერთი რეკომენდაცია, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ – საქართველომ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დააყენეს სხდომებზე, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის, რომ კომისიას რეაგირება არ მოუხდენია „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოვლენილ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევების შესახებ.

გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა არ უკრძალავს მინისტრებს და მინისტრის მოადგილეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას, სასურველი იყო კომისიას, მეტი ნდობისა და ობიექტურობის მიზნით, თავადვე შეეზღუდა საკუთარი წევრების აგიტაციაში მონაწილეობა. 

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია 

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემური საკითხები გამოვლინდა როგორიცაა: ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საკითხი; ცესკოს სახელმწიფო ორგანოებთან  არაკოორდინირებული მუშაობის პრობლემა და ა.შ.  ცესკოსა და სასამართლოს გადაწყვეტილებები სალომე ზურაბიშვილის, ზურაბ წიწუაშვილის და სხვების კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რაც წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.

საარჩევნო ადმინისტრაცია

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არ შეცვლილა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კომისიები გარდა პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრებისა, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის, კოალიცია \"ქართული ოცნებისა\" და \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" მიერ დანიშნული კომისიის წევრებით დაკომპლექტდა, რაც არაერთხელ კრიტიკის საგანი გახდა. ისე, როგორც 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე, ამჯერადაც დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა იმ პირთა პროფესიული ნიშნით არჩევას საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომელებიც უახლოეს წარსულში სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენდნენ საარჩევნო ადმინისტრაციებში. ჩვენი აზრით, აღნიშნული გარემოება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნდობის კუთხით.

ამომრჩეველთა სია

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 851 შეადგენს. საყურადღებოა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი 97 000 ამომრჩევლიდან დაახლოებით 9000 მოქალაქემ შეძლო ხელახალი რეგისტრაციის გავლა; საზღვარგარეთის უბნებზე რეგისტრირებულმა მოქალაქეთა რიცხვმა მხოლოდ 48 460 შეადგინა იმ ფონზე, როდესაც ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ; საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1747 მსჯავრდებული და ბრალდებული მოქალაქეებიდან, მხოლოდ 197-მა გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. 
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი მუშაობაა გასაწევი ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით. ასევე, ხელისუფლებამ, ცესკომ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით, უნდა იფიქროს ხმის მიცემის ალტერნატიულ საშუალებებზე. 
2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა. განისაზღვრა რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების ხელახალი რეგისტრაციის წესი და აღნიშნული პროცესი გამარტივდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.   

საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წელს წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით ნაკლები იყო ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენების შემთხვევები, რაც საარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ და კონკურენტულად წარმოაჩენდა.

ა. სამართლებრივი რესურსები

საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში დაფიქსირდა სახელმწიფოს სამართლებრივი რესურსების საარჩევნო მიზნით სავარაუდო გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ, საუბარია ცესკოს მიერ სალომე ზურაბიშვილისა, ზურაბ წიწუაშვილისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე სხვა პირების საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის შემთხვევაზე და, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელის საფუძველზეც ათასობით მოქალაქეს ნასამართლეობა მოეხსნა. ამ ტიპის რესურსების სავარაუდო გამოყენებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს სექტემბერში განათლების სამინისტროს მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვების გამონაკლისების დაშვებაც.

ბ. ძალისმიერი ადმინისტრაციული რესურსები

2013 წლის 1 ივლისიდან არ დაფიქსირებულა უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოს მიერ ძალისმიერი რესურსების მასიური გამოყენების ფაქტები ანუ პოლიტიკური ოპონენტების, მათი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების წინააღმდეგ სახელმწიფო, როგორც წესი, არ იყენებდა მათ ხელთ არსებულ საშუალებებს იმისთვის, რომ მოეხდინა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება, დაშინება, ცემა, მუქარა, და სხვა. 

გ. ინსტიტუციური რესურსები

2013 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსებიდან აღსანიშნავია საჯარო მოხელეების აგიტაციაში უკანონო მონაწილოების რამდენიმე ფაქტი.

დ. ფინანსური რესურსები

საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ამ ტიპის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას თითქმის არ ჰქონია ადგილი. დაფიქსირდა შემთხვევები აჭარაში, მესტიის, ტყიბულის, სამტრედიის, გორის, ქარელის, კასპის, ახალქალაქის, ადიგენისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტის ცალკეული პროგრამების დაფინანსება 4 ივლისის (არჩევნების გამოცხადების თარიღი) შემდეგ გაიზარდა, რაც კანონდარღვევა იყო, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის ამგვარი ზრდა აკრძალულია. 
მოგვიანებით კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო პროგრამების ზრდა არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება და არა – წინასაარჩევნო პერიოდის დროს. თუმცა, ეს ცვლილება მანამდე უკანონოდ გაზრდილ ბიუჯეტს კანონიერს ვერ აქცევს.

ამომრჩევლის მოსყიდვა 

ორგანიზაციების დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფაქტს, რომლებიც ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავენ.

„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფინანსება პრემიერ-მინისტრის სახელთან უშუალოდ დაკავშირებული საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ასევე, პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-ის უსასყიდლოდ გადაცემა მენეჯმენტი კომპანიისთვის შესაძლოა განიმარტოს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. 

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ასევე, დაფიქსირდა შუამთობის დღესასწაულზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ძვირფასი საჩუქარი გადასცა ახალდაქორწინებულ წყვილს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ფაქტები ასახა თავის ანგარიშებში, ასევე გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რათა არ მომხდარიყო მსგავსი პრაქტიკის დამყარება წინასაარჩევნო პერიოდში. სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია. რეაგირება არ ყოფილა აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მხრიდანაც.

მნიშვნელოვანია, უწყებათშორისმა კომისიამ იმსჯელოს აღნიშნულთან დაკავშირებით და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია, რათა ამგვარმა პრეცენდენტებმა არ მოახდინოს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პირების მიერ მატერიალური სარგებლის უსასყიდლოდ გადაცემის და მისი საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების არასწორი ტენდენცია.  

ადგილობრივი თვითმმართველობა 

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისადმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებები ინტენსიურად მიმდინარეობდა, მათ შორის ხდებოდა იმპიჩმენტის წესით გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადაყენება თანამდებობიდან. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, 1 ივლისიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, გამგებელი  19 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, საკრებულოს თავმჯდომარე - 3 მუნიციპალიტეტში.  ამავე პერიოდში შეიცვალა 2 მერი - ქუთაისსა და რუსთავში. ძირითადად გამგებლები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მეორედ შეიცვალნენ. 
აღსანიშნავია ის, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა მაჟორიტარი დეპუტატების ჩარევა თვითმმართველობის საქმიანობაში, ზოგ შემთხვევაში კი ცვლილებების პროცესი მოქალაქეთა პროტესტის ფონზე წარიმართა.      

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკადრო ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდში აღიქმება საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად.

მედიაგარემო

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მედიის მდგომარეობა გარკვეული თვალსაზრისით გაუმჯობესებულია. განსხვავებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისგან, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელშეშლის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, პრობლემები რჩება მედია საშუალებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისაგან განთავისუფლების თვალსაზრისით.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში მსხვილმა მედიასაშუალებებმა, ძირითადად, დაბალანსებულად გააშუქეს კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია. წინა წლებისგან განსხვავებით, ქართული მედია აღარ არის პოლარიზებული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.  თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, მედიასაშუალებები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმეტესწილად კანდიდატების განცხადებებს აშუქებდნენ, ჟურნალისტები კი იშვიათად უსვამდნენ კანდიდატებს კრიტიკულ კითხვებს, არ ახდენდნენ მათი დაპირებებისა თუ შემოთავაზებული პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს. 
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მსხვილი ტელეარხები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან და მათგან (როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“, ასევე კოალიცია „ქართული ოცნებისგან“) პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით დაფინანსებასაც იღებდნენ, რაც 2013 წელს  ნაკლებად შესამჩნევია. 

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის ხელის შეშლის ან ნებისმიერი ფორმით ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.
ათიდან ცხრა მოქალაქისათვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო კვლავ ტელევიზიაა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს დაუბრკოლებლად მიუწვდებოდათ ხელი მედიასაშუალებებზე, რომლებიც განსხვავებულად აშუქებდნენ კამპანიებს, რაც მოქალაქეებს კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. 

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების ორი რაუნდი გამართა, თუმცა, მან ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება და წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეულად გაშუქება, რაც მაუწყებელში მიმდინარე ფინანსური და მენეჯმენტის კრიზისითაა გამოწვეული. აღნიშნული კრიზისი კი, თავის მხრივ, მაუწყებელში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ორმა მეურვემ დატოვა, რის შემდეგაც საბჭოს კვორუმი არ აქვს და მას არ შეუძლია გადაჭრას ფინანსური კრიზისი ან აირჩიოს ახალი გენერალური დირექტორი. თავის მხრივ, ხელისუფლებამ არ გამოიძია საბჭოს წევრების განცხადებები მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

საკაბელო ოპერატორებმა შეასრულეს მათზე 2012 წელს დაკისრებული სავალდებულო ტრანზიტის (must carry/must offer) ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ოპერატორებს ქსელში ყველა საერთო მაუწყებელი უნდა ჩაერთოთ. რეგიონების მოსახლეობას ხელი მიუწვდება უფრო მეტ საინფორმაციო არხსა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე, ვიდრე ეს შარშან ხდებოდა. მაგალითად, „მაესტრო” და „ტაბულა“ მოსახლეობისთვის უკვე ჩვეულებრივი ანტენითაც ხელმისაწვდომია. 

პარტიების დაფინანსება

პარტიების დაფინანსება 2012 წლის არჩევნების დროს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხშირად საკმარისი დასაბუთების გარეშე სხვდასხვა სანქციასა თუ შეზღუდვას უწესებდა უმეტესწილად ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს.

რაც შეეხება 2013 წელს, პრეტენზიები ამ უწყების მისამართით თითქმის არ იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში სულ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ პარტიები  და ისიც მცირე თანხით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ასეთი „პასიურობა”, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვს აჩენს, ზედმეტ აქტიურობაზე უარის თქმით ეს უწყება საზოგადოების თვალში იმ ცუდი რეპუტაციის გამოსწორებას ხომ არ ცდილობს, რომელიც წინა წელს მოიპოვა. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მისი ხელმძღვანელობის თქმით, პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მიერ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ხარჯების გადამოწმების მიზნით საქმისწარმოება დაიწყო. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ამ საქმეში წინსვლა არ ჩანს. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“