2013 საპრეზიდენტო

ხმების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. 

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს დააკვირდა საერთაშორისოდ აღიარებული, მოწინავე მეთოდოლოგიით - ხმების პარალელური დათვლის (PVT) საფუძველზე. ორგანიზაციამ მიავლინა 800 PVT დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში. ხმების პარალელური დათვლა საშუალებას გვაძლევს მაღალკვალიფიციური დამკვირვებლების საშუალებით შევაფასოთ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგები. ეგზიტ პოლისგან განსხვავებით, PVT არ გულისხმობს ამომრჩევლის გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მისცეს ხმა. PVT დამკვირვებლები აფიქსირებენ იმ ოფიციალურ მონაცემებს, რაც ცხადდება სტატისტიკურად  შერჩეულ საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ოფიციალური შედეგების შესახებ ექვემდებარება დეტალურ გადამოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების განსაზღვრა. 
 
“სამართლიან არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. ,,სამართლიან არჩევნებს’’ წარმატებით ჩატარებული აქვს 7 PVT, მათ შორის 2003 წლის არჩევნების ისტორიული PVT.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ მიღებული მიღებული შედეგების შესახებ.

ძირითადი დასკვნები


ძირითადად, არჩევნების დღის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა. არჩევნების დღის პროცესის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის ფაქტები და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ბათუმში გამოვლენილი პრობლემები. 

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 12 საარჩევნო უბანი, სადაც პროცედურულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა. აღნიშნული უბნებია: მთაწმინდის #25, ჩუღურეთის #2 და #20, დედოფლისწყაროს #23, ბოლნისის #47, დუშეთს #31 და #45, ხარაგაულს #13,  ზესტაფონის #26, ზუგდიდის #99, ქობულეთის #14 და შუახევის #21 საარჩევნო უბნები. 

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100%-ისგან. 

ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 46.9% (+/- 0.9% ცდომილების ხარისხით 95%-იანი სანდოობით). თბილისის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 48.2%-ს, ხოლო რეგიონებში - 46.4%. ეს მონაცემი არის საგრძნობლად შემცირებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით მიაღწია 60.9%. 

წარმოგიდგენთ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) საფუძველზე მიღებულ არჩევნების შედეგებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/-0.7% (95 %-იანი სანდოობის ინტერვალით):

\"\"
 
წარმოდგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას 6 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის თაობაზე. თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული საბოლოო შედეგები უნდა ექცეოდეს ქვემოთ მითითებულ ცდომილების დიაპაზონში:

\"\"

ხმის დათვლის პროცესის შეფასება PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 98.5%-ზე  ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა ინციდენტების გარეშე, რაც წარმოადგენს გაუმჯობესებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით  - წინა წელს აღნიშნული მონაცემი 96.1% იყო.

საარჩევნო უბნების 99.8%-ზე, საარჩევნო მასალები საოლქო საარჩევნო კომისიებში გადასაგზავნად  დაილუქა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 2012 წელს საარჩევნო მასალები სათანადოდ დაილუქა საარჩევნო უბნების 98.0%-ზე.

საარჩევნო უბნების 1.9%-ზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში. იმ საარჩევნო უბნების 86.7 %-ზე, სადაც  ჩვენმა დამკვირვებლებმა წარადგინა საჩივარი, საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივრების რეგისტრაციის პროცესი კანონის შესაბამისად განახორციელა. 

„ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიული წარმომადგენლები  განთავსებული ჰყავდათ უბნების 81.1%-სა და 78.3%-ზე. 2012 წელს მოცემული საარჩევნო სუბიეტქების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ უბნების 93.8%-სა და 90.2%-ზე.


დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ არჩევნების დღეს  101 დარღვევა დაფიქსირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით. 

საარჩევნო უბნებზე წარდგენილი იქნა 15 საჩივარი, ხოლო, საოლქო კომისიაში - 54 საჩივარი. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საჩივრებში ყველაზე ხშირად დაყენებულ მოთხოვნას წარმოადგენდა დარღვევის აღმოფხვრა, თავმჯდომარის, მდივნის და სხვა წევრების პასუხისმგებლობა. 

ორგანიზაციის მიერ გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 26 ფაქტი ბათუმის #6,#66, თერჯოლის #24, ლაგოდეხის #30, წყალტუბოს #25,#39, კრწანისის #19, რუსთავის #13,#59, თელავის #8, გურჯაანის #16, კასპის #4,#11,#27, ქობულეთის #53, ჩოხატაურის #3,#12, ქუთაისის #56, #65,#91,#105,#121, დმანისის #43, ისნის #5, მარტვილის #35, საბურთალოს #76 საარჩევნო უბნებზე. მათ შორის ხშირი იყო საკონტროლო ფურცლის  და შემაჯამებელი ოქმის არასწორად შევსება, დოკუმენტებში არ ივსებოდა კანონით დადგენილი ყველა სავალდებულო რეკვიზიტები;

არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 13 ფაქტი ახალციხის #2,#4,#5,#19,#21,#31, კასპის #36, მარნეულის #50,  გურჯაანის #10, დედოფლისწყაროს #23, მარტვილის #33 საარჩევნო უბნებზე. პარტიებს, კანდიდატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ყავდათ დადგენილ რაოდენობაზე მეტი წარმომადგენელი;

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 10 ფაქტი ბათუმის #5,#21, ქუთაისი #120, მესტისს #11, მარნეულის #4, #56, დუშეთის #22, თიანეთის #2, სიღნაღის #28, კასპის #26 საარჩევნო უბნებზე. ამომრჩევლები ხმას აძლევდნენ პირადობის მოწმობის ასლით ან მართვის მოწმობით;

მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის  8 ფაქტი მარნეულის #37, #50, კასპის 20 და ვაკის #64 საარჩევნო უბნებზე;

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 2 ფაქტი ბათუმის #2, მარნეულის #42 საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლებს არ მიეცათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის შეტანის უფლება;

საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის  3 ფაქტი მესტიის #24, ლაგოდეხის #19 ლაგოდეხი და მთაწმინდის #29 საარჩევნო უბნებზე;

უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვის 2 შემთხვევა ლაგოდეხის #19 და ზუგდიდის #103 საარჩევნო უბნებზე. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ შეუზღუდა კანონმდებლობით აკრედიტირებულ მედია საშუალების „ჰერეთის“ ჟურნალისტს საარჩევნო უბანზე 20:00 საათის შემდეგ გაჩერება და მოსთხოვა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საარჩევნო უბანი;

ამომრჩევლის სიაში არ ყოფნის ფაქტები ბათუმის  #52 და #72 საარჩევნო უბნებზე. 300-მდე ამომრჩეველს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება;

უბნის არასათანადოდ მოწყობის  2 ფატი ქედის #2 და მესტიის #24 საარჩევნო უბნებზე;

კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 ფაქტი ჩოხატაურის #22 და მარნეულის  #42 საარჩევნო უბნებზე;

საარჩევნო მასალის დალუქვის წესის დარღვევა მცხეთის #23 უბანზე საარჩევნო ყუთი 14:30 იყო დაულუქავ მდგომარეობაში; 

დიდუბის #3 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წინასწარ დაფიქსირებულ ხელმოწერებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რაც  სხვის მაგივრად ხმის მიცემას წარმოადგენს.

ასევე ხშირ შემთხვევაში დაფიქსირდა მასალების დაულუქავ მდგომარეობაში გადაცემა  ბათუმის, გარდაბნის და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
 
არჩევნების დღეს აქტიურად ფუნქციონირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის საარჩევნო პორტალი (www.electionsportal.ge), სადაც თავს იყრიდა არჩევნების დღეს მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ინციდენტები შესახებ ინფორმაცია. 28 ოქტომბრის 9 საათის მონაცემებით არჩევნების პორტალზე ატვირთულია  167 ინციდენტი.  


სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის,  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-სა და ევროკავშრის (EU) დაფინანსებით. ზემოთ გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არცევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს EU-ს, NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.