2013 საპრეზიდენტო

როგორ მიმდინარეობდა ხმის მიცემისა და უბნის დახურვის პროცესი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 73 მობილური ჯგუფი.  

 „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს აკვირდება საერთაშორისოდ აღიარებული, მოწინავე მეთოდოლოგიით - ხმების პარალელური დათვლა (PVT). ორგანიზაციამ მიავლინა PVT დამკვირვებლები ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში. ხმების პარალელური დათვლა საშუალებას გვაძლევს მაღალკვალიფიციური დამკვირვებლების საშუალებით შევაფასოთ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგები. 

 ,,სამართლიან არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. ,,სამართლიან არჩევნებს’’ წარმატებით ჩატარებული აქვს 7 PVT, მათ შორის 2003 წლის არჩევნების ისტორიული PVT.

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.5%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  კენჭისყრის დღემ ჩაიარა მშვიდ გარემოში. უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალის არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები, მარკირების პროცედურის არასათანადო წარმოება და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმში.  ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 12 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 45 საჩივარი.

 

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 98.0%-ზე ამომრჩევლებს პროცედურების შესაბამისად რეგისტრატორები ყოველთვის სთხოვდნენ ხმის მიცემისათვის აუცილებელ პირადობის დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტაციას. უბნების 3.0% შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციას არ თხოვდნენ ცალკეულ ამომრჩევლებს; 

საარჩევნო უბნების 94.8%-ზე ყოველთვის ხდებოდა მარკირების შემოწმება კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში - 2012 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 96.8%-ზე.

საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო 2012 წელს ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 96.5%-ის შემთხვევაში.

საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებს მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც  მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ  საარჩევნო უბნების მხოლოდ 93.5% -ზე. 

საარჩევნო უბნების 96.4%-ზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის ამ პროცენტულ მაჩვენებლსა და 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს შორის. 

საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩეველთა სიაში არ დაფიქსირდა ამომრჩეველთა გრაფაში წინასწარ გაკეთებული ხელმოწერები. 

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით ნახოთ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები, რომელიც ასახულია საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან.

„სამართლიანი არჩევნები“ მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ.


 

 სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის,  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ევროკავშრის (EU) დაფინანსებით. ზემოთ გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს EU-ს, NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.