2013 საპრეზიდენტო

როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 14:30 საათისთვის

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში; მათ შორისაა 73 მობილური ჯგუფი.  

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს აკვირდება საერთაშორისოდ აღიარებული, სტატისტიკურად მყარი ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით, რომელიც საშუალებას გვაძლევს საარჩევნო უბნებზე უშუალოდ დაკვირვების გზით სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესის მიმდინარეობა და შედეგების სიზუსტე. 

“სამართლიან არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. 2003 წლიდან კი ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ყველა სადამკვირვებლო მისია ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე. 

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიღებულია PVT-ის ყველა დამკვირვებლისგან (100%).

ძირითადი დასკვნები

,,სამართლიანი არჩევნების’’ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად,  12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 16.8% (+/-0.6% ცდომილების ხარისხით). ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 25.5 პროცენტს შეადგენდა. თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 15.2%-ია, ხოლო 2012 წელს 12 საათისთვის ამორჩეველთა აქტივობა თბილისის მასშტაბით 24%  იყო.  

რეგიონებში (თბილისის გარდა) 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2012 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 26% გახლდათ.

დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ყველაზე პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და  ბათუმში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები. 

ამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

 არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 9 შემთხვევა - #21 (ბათუმი), #11(მესტია), #5(ბათუმი), #2(თიანეთი), #22 (დუშეთი), #28 (სიღნაღი), #120 (ქუთაისი), #10 (მარტვილი) და #4(მარნეული)  საარჩევნო უბნებზე; 
 ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ხარვეზები #7, #8, #52 და #72  (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე;
 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის უფლებების (ჩანაწერთა წიგნში შენიშნვნის შეტანის უფლება) შეზღუდვის 2 ფაქტი  -  #2 (ბათუმი) #42 (მარნეული) საარჩევნო უბნებზე;
 ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 1 შემთხვევა -  #42 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
 მარკირება არ გაკეთდა ერთ საარჩევნო უბანზე - #64 (ვაკე); 
 მარკირება არ შეუმოწმდა ოთხ ამომრჩეველს #50 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;
 არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 შემთხვევა - #21(ახალციხე) და #10 (გურჯაანი) საარჩევნო უბანზე;
 საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 4 ფაქტი - #11 (კასპი), #25 (წყალტუბო), #76 (საბურთალო) და #6 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე; 
 საგარეჯოს #11 უბანზე 3 საკონტროლო ფურცელი მოთავსებულ იქნა ძირითად საარჩევნო ყუთში. 

 „სამართლიანი არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემებზე, რასაც ბათუმში ჰქონდა ადგილი. ამ დროისთვის დაახლოებით 250 ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. ესენი არიან ძირითადად რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, იმყობებოდნენ უბნებზე თავდაპირველად გამოკრულ სიებში, მაგრამ არჩევნების დღეს სამაგიდო სიებში არ აღმოჩნდნენ. ,,სამართლიანი არჩევენები’’ განაგრძობს ამ საკითხის შესწავლას. 

ასევე, ხაზგასასმელია არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები, როდესაც ამომრჩევლები ვადაგასული პირადობის მოწმობით, პირადობის მოწმობის ასლით ან პირადობის მოწმობის გარეშე (მაგალითად, მართვის მოწმობით ან საერთოდ პირადობის მოწმობის გარეშე) იღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 5 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 22 საჩივარი.

„სამართლიანი არჩევნები“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.
“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.



სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის,  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-სა და ევროკავშრის (EU) დაფინანსებით. ზემოთ გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არცევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს EU-ს, NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.