2013 საპრეზიდენტო

როგორ მიმდინარეობს უბნის გახსნისა და ხმის მიცემის პროცესი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დილის 11:00 საათისთვის

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 73 მობილური ჯგუფი.  

„სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების დღეს აკვირდება საერთაშორისოდ აღიარებული, სტატისტიკურად მყარი ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით, რომელიც საშუალებას გვაძლევს საარჩევნო უბნებზე უშუალოდ დაკვირვების გზით სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესის მიმდინარეობა და შედეგების სიზუსტე. 
“სამართლიან არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. 2003 წლიდან კი ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ყველა სადამკვირვებლო მისია ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე. 
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება.  ეს პროგრესია წინა არჩევნებთან მიმართებაში, როცა უბანზე დაუშვეს ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების 98%. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 8 საათისთვის მზად იყო საარჩევნო უბნების 96%, ხოლო 2012 წელს - უბნების 91%. ამასთან, რადგან წარსულში არსებობდა კითხვები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ,,სამართლიანი არჩევნები’’ მიესალმება იმ ფაქტს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 16 ადამიანს. 2012 წელს აღნიშნული მონაცემი იყო 21 ამომრჩეველი. ჩვენი დაკვირვებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა არის დაახლოებით 200 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია (300 ადამიანი).  


დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

 ,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო PVT-ის ყველა დამკვირვებლისგან (100%). 
 ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლებს მიეცათ შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს საარჩევნო უბნების 99.8%-ზე. 
 საარჩევნო უბნების ძალიან მცირე რაოდენობაზე (1.3%) დაფიქისრდა უბნის გახნსასა და მოწყობასთან დაკავშირებული მცირედი ხარვეზები. დეტალები იხილეთ ქვემოთ დარღვევების სექციაში
 2012 წელთან შედარებით შემცირებულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლების საშუალო რაოდენობა - წელს ერთ უბანზე საშუალოდ 965 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, ხოლო 2012 წელს იყო 986. 
დარღვევები
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა:
 არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 3 ფაქტი #23 (დედოფლისწყარო), #11 და #36  (კასპი);
 მასალების არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა  #6 (ბათუმი) , #76 (საბურთალო) საარჩევნო უბნებზე; 
 საარჩევნო უბნის გახნის პროცედურული დარღვევების 2 შემთხვევა #72 (რუსთავი), #24 (გორი) საარჩევნო უბნებზე;
 საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების 2 ფაქტი #65 (ქუთაისი) და #5 (ისანი) საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 6 საჩივარი.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.
“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 14:30 საათზე.