„სამართლიანი არჩევნები“ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესს აფასებს
საოლქო კომისიებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 78 საჩივარი წარადგინა. საჩივრების უმეტესობა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას ეხებოდა, ხოლო 11 შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა შემაჯამებელი ოქმის ბათილობა და შედეგების გადასინჯვა შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების გამო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საოლქო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 24 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ კომისიის წევრებს, ძირითადად თავმჯდომარეებს. ყველაზე ხშირად გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენდა შენიშვნა, ხოლო 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს დაუკავდათ ხელფასი.
ერთ შემთხვევაში გაუქმდა გადასატანი ყუთი - ლანჩხუთის #6 უბანი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 7 საჩივარი. შემაჯამებელი ოქმის ბათილობის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევებში მოხდა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შესწორების ოქმების შედგენა.
ამ დრომდე, მცირე გამონაკლისების გარდა, „სამართლიანი არჩვენების“ საჩივრების განხილვა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობს. საოლქო კომისიების მიერ ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ საჩივრების განხილვას და დააფიქსირონ ორგანიზაციის პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე.
ყველაზე პრობლემატურად საჩივრების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში წარიმართა, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ 3 საჩივარი უკანონოდ, განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციამ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
ამ ეტაპზე საოლქო კომისიები განაგრძობენ წარდგენილი საჩივრების განხილვას. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად „სამართლიანი არჩევნები“ მოახდენს მონაცემთა განახლებას, რის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.