2013 საპრეზიდენტო

წინასაარჩევნო დარღვევები გააქტიურებული საარჩევნო კამპანიის ფონზე (პრესრელიზი)

“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეხუთე ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.

 „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრად გააქტიურდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის მიერ 253 საჯარო შეხვედრა გაიმართა, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება წინა ერთი თვის მონაცემებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

მეხუთე შუალედურ ანგარიშში ასახულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი პოლიტიკური ზეწოლის ხუთი ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის სამი ფაქტი.  

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ექვს შემთხვევას ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ და ორ შემთხვევას - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ. 

უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციის მიუხედავად, საკადრო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაგრძელდა:  საანგარიშო პერიოდში გამგებელი შეიცვალა 5 მუნიციპალიტეტში, 1 მუნიციპალიტეტში გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარე, თანამდებობა დატოვა ერთმა მერმა. 

„სამართლიანი არჩევნები“, ასევე, აკვირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას და მიიჩნევს, რომ კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა გააუქმოს, ან საფუძვლიანად შეცვალოს 2012 წლის დადგენილება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ.” - აცხადებს ორგანიზაციის იურისტი, ნინო ჯანაშია.

საანგარიშო პერიოდში „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ“ საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ანგარიშში არ მოხვდა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კომისიისთვის მიწოდებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები. 

დარღვევების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://electionsportal.ge 

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.