2013 საპრეზიდენტო

წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე ანგარიში (პრესრელიზი)

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2013 წლის 5 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

ორგანიზაციის შეფასებით, კამპანიის დაწყებიდან დღემდე საარჩევნო დარღვევები, ძირითადად, ერთეული შემთხვევებით შემოიფარგლება და მასიურ ხასიათს არ ატარებს. მესამე ანგარიშში „სამართლიანი არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედია გარემოს მხრივ გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებსა და რამდენიმე საყურადღებო ფაქტზე. თავის შეფასებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ, საანგარიშო პერიოდი მშვიდ გარემოში წარიმართა და განსხვავებით წინა პერიოდისგან, ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ასკვნის:

მედია გარემო

საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ტენდენციების შორის განსაკუთრებით პრობლემატურად უნდა შეფასდეს მედია გარემოსთან დაკავშირებული რიგი საკითხები. რეგიონულმა გაზეთმა, ,,გურიის მოამბემ“ მუნიციპალიტეტის გამგებელს ბრალი ზეწოლაში დასდო, ხოლო  ტელეკომპანია ,,მაესტროს“  ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ანგარიშსწორებაზე დაიწყო საუბარი. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებისთვის მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომიანია ,,მე-9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო-9“-ის დახურვის შესახებ.

I. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზეთ „გურიის მოამბის“ ორ ოფისს უზურფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება გაუგზავნა, რის გამოც მედია ორგანიზაცია იძულებულია ერთი თვეში ოფისი დატოვოს. „სამართლიანი არჩევნების“ შეხედულებით, საკრებულოს გაფრთხილებიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა „განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ საჭიროებასთან“ გვაქვს საქმე, რაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია.  გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი წინსაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალების საქმიანობის შეზღუდვას ეხება, ,,სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკრებულომ წარმოადგინოს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, თუ რა განსაკუთრებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებიდან  გამომდინარე შეუწყვიტა ,,გურიის მოამბეს“ უზურფუქტის ხელშეკრულება.

II. ტელეკომპანია ,,მაესტროს“  ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა ხელისუფლების „ერთი ფრთის“ მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ანგარიშსწორებაზე გააკეთა განცხადება. სატელევიზიო ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებით ეს ხდება მას შემდეგ, რაც ეს ნაწილი მიხვდა, რომ „მაესტრო“ არ დაემორჩილება არანაირ მოთხოვნებს ხელისუფლებიდან და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე, ისევე როგორც იყო ადრეც.“ 

III. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომიანია ,,მე-9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო-9“-ის დახურვის შესახებ  არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მისასალმებელია, ვინაიდან პრემიერ მინისტრმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი შესაძლებლობაზე წინასაარჩევნოდ მედია რესურსი მმართველი კოალიციის კანდიდატის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 
მეორეს მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში იმ სატელევიზიო არხის დახურვა, სადაც თოქ-შოუებსა და საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური ხასიათის დისკუსიები სისტემატიურად იმართებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და პოლიტიკური დისკუსიების მრავალფეროვნების თვალსაზრისით ნეგატიური მოვლენაა.

ადმინისტრაციული რესურსი

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან და მათ შესაბამისი ინსტრუქციები მისცეს, რაც ცალსახად დადებითან უნდა შეფასდეს.

2013 წლის 19 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ფართომასაშტაბიანი შეწყალების განხორციელებას გეგმავს. პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მის ხელთ არსებული მსგავსი სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება, ქმნის განცდას, რომ ეს ქმედება მიზნად ისახავს ამომრჩევლის გულის მოგებას და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას საარჩევნო მიზნით. 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ  ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი შეწყალება მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მიერ 2006 წლის 14 თებერვალს გამოცხადებულ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ამასთან,  პრეზიდენტის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეწყალების ფართომასშტაბიან ინიციატივას ადგილი არ ჰქონია.  

ზეწოლა/მუქარა

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე განხორციელებული მუქარის - ზეწოლის სამი შემთხვევა. აღნიშნულ ფაქტებს ადგილი ჰქონდა კასპის, ასპინძისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ასპნძის გამგებლის მუქარა სოფლის რწმუნებულების მიმართ, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ამომრჩევლის მოსყიდვა

პრემიერ-მინისტრმა შუამთობის დღესასწაული მიულოცა ადგილობრივ მოსახლეობას. დღესასწაულის აღნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრიალიანტის ბეჭედი გადასცა. ,,სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი შეიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს.  ორგანიზაციამ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს მას სათანადო შეფასება.

საარჩევნო ადმინისტრაცია

საანგარიშო პერიოდში თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა ცესკოს თავმჯდომარე - ზურაბ ხარატიშვილი. მისი განცხადებით, გადადგომის მიზეზი მისი პოლიტიკური მიზნებია და ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისთანავე დღის წესრიგში დადგა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. საარჩევნო კანონმდებლობამ და არსებულმა პოლიტიკურმა  ვითარების შექმნა გარემოება, როცა ახალი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორი და ორი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს პრეზიდენტისა და ცესკოს მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრების სახით, რაც მისასალმებელი მოვლენაა. ამ ვითარებაში არჩევის შემთხვევაში,  ცესკოს თავმჯდომარე ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან უფრო მაღალი ნდობით ისარგებლებს, რასაც საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. არასამთავრობო სექტორმა პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის ვაკანური ადგილის დასაკავებლად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. „სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება პრეზიდენტის მიერ გაკეთეულ განხადებებს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის თაობაზე.

უწყებათაშორისი კომისია

ამ პერიოდში, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით  უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე პრობლემატური საკითხი დაისვა, რაზეც კომისიას კონკრეტული რეკომენდაციები ამ დროისთვის არ შეუმუშავებია.

რეკომენდაციები

სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ,,სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

 ხელისუფლებას – მაქსიმალურად  ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების  თავისუფალ და დაუბრკოლებელ საქმიანობას;
 ცესკოს პარტიულ წევრებს მმართველი კოალიციიდან - პრეზიდენტის მხრიდან მიუკერძებელი და პროფესიონალი კანდიდატების დასახელების შემთხვევაში მხარი მხარი დაუჭირონ წარდგენილ კანდიდატურებს.
 ცესკოს - მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალილებებას;
 სამართლიანი  და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას -   წევრებმა იმსჯელონ და შეისწავლონ ,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ კომისიის სხდომაზე დაყენებული საკითხები და შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები.
 სახელმწიფო დაწესებულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - დროულად უზრუნველყონ მათ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების ინფორმირება და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესების გაცნობა წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაციაში მონაწილეობის თაობაზე;
 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს - თავი შეიკავონ საკრებულოს წევრებზე ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან;
 სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას - შეისწავლონ „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებში დაფიქსირებული მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები და გააკეთონ შესაბამისი შეფასებები.


მესამე შუალედური ანგარიში სრულად იხილეთ აქ