2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 28 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 800-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 32 მობილური ჯგუფი.  

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
 4 თვითმმართველ ქალაქსა (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 თვითმმართველ თემში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე;
 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვერელი, მარტვილი, თიანეთი) არჩევნების დღის მონიტორინგს ორგანიზაცია მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება. რომელიც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 2003 წლიდან, ანუ 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 12 ივლისის არჩევნები რიგით მეცხრეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღისა და პროცესის შედეგების შეფასებისთვის.

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველი აირჩევს 8 მერს და 13 გამგებელს იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ვერ დააგროვეს ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა (50%+1).

,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო PVT-ის 99.7%  დამკვირვებლისგან. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი თვითმმართველ ქალაქებში გაუმჯობესებულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით. უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი უბნების უმრავლესობაზე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნები’’ დაკვირვებას ახორციელებს. თუმცა ხულოს საარჩევნო ოლქის #36 უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი. ასევე რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზი. დეტალები იხილეთ ქვემოთ დარღვევების სექციაში.

,,სამართლიანი არჩევნების’’ ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.  

თითქმის ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის -თბილისში - 99.4%, მცხეთაში - 83.3%, ხონში - 96.3%,  ტყიბულში - 97.3%, ხოლო გორის, რუსთავის, ოზურგეთის თვითვმმართველ ქალაქებსა და ლანჩხუთის, ხულოს, ახმეტის,ბაღდათის, თერჯოლის თემის ყველა უბანი.



დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ბიულეტენების ჩაყრის 1 ფაქტი: ხულოს საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დააფიქსირა კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ყუთში 3 ბიულეტენის ჩაგდების ფაქტი.  დარღვევის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნების“ ცენტრალურ ოფისში ინფორმაციის გადაცემისას კომისიის თავმჯდომარე სიტყვიერად დაუპირისპირდა დამკვირვებელს და არ აძლევდა სატელეფონო საუბრის გაგრძელების საშუალებას. აღნიშნულ ფაქტზე ,,სამართლიანი არჩევნები“ მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა: რუსთავის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო  უბანზე დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების ოდენობის ზეპირი გამოცხადების შემდეგ არ მოხდა მათი ოდენობის დაფიქსირება სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის 1 შემთხვევა: ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ერთი საარჩევნო სუბიექტის (დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) ორი წარმომადგენელი. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ თავჯდომარემ აღმოფხვრა დარღვევა - ერთ-ერთ წარმომადგენელს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. 

წილისყრის პროცედურების დარღვევის 1 შემთხვევა: თერჯოლის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცედურის დარღვევით გამოვლინდა კომისიის წევრთა ფუნქციები. კონკრეტულად,  პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ კომისიის წევრმა ქეთევან კეზევაძემ არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა. ამასთანავე აღნიშნული პირი გაყვა გადასატან საარჩევნო ყუთს მიუხედავად იმისა, რომ გადასატანი ყუთის გამყოლად წილისყრით სხვა წევრი გამოვლინდა. ინფორმაცია კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გაცვლის შესახებ არ აისახა ჩანაწერთა წიგნში. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. 
მარკირების შემოწმების გარეშე არჩევნებში მონაწილეობის 1 შემთხვევა: ბაღდათის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 3 საჩივარი.

,,სამართლიანი არჩევნები’’ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 15 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);

 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.


არჩევნების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ (OSGF). ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შეხედულებებს.