2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერდიოდის I შუალედური ანგარიში (პრესრელიზი)

24 აპრილს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს, რომლებმაც სათანადო მომზადება და ტრენინგი მონიტორინგის დაწყებამდე გაიარეს. 

„ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე დაკვირვება  2014 წლის 31 მარტს დაიწყო, თუმცა, ანგარიშში მოხვდა, ასევე, ყველა ის მოვლენა, რასაც არჩევნების გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი და რასაც შესაძლოა ნეგატიური თუ პოზიტიური გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. ანგარიშში მოცემულია ორგანიზაციის მიერ 20 აპრილამდე დაფიქსირებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4 ფაქტი, პოლიტიკურად აქტიური პირების ზეწოლის 1, ხოლო დაკითხვა-დაპატიმრების 6 ფაქტი.  აღნიშნულ ფაქტებს ცალსახად ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“,-ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

2013-2014 წლებში მიმდინარე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში არსებობდა მოლოდინი ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებებისა, თუმცა რეფორმის საბოლოო შედეგები შესაბამისობაში არ მოდის ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გაცხადებულ ამბიციურ გეგმებთან. 2014 წელს მიმდინარე საარჩევნო რეფორმის პროცესში არ განხილულა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება. მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, არ შექმნილა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება ამომრჩეველთა სრულყოფილი სიის შედგენა. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც ვერ მოხერხდა ბიომეტრიული სიების ფორმირება და მაღალი სანდოობის ამომრჩეველთა სიის შედგენა. 

მუშაობა დაგვიანებით, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით დაიწყო „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისმა კომისიამ“ , რომელიც პირველ სხდომაზე გასული არჩევნების დროს გაცემული რეკომენდაციების გამეორებით შემოიფარგლა. 


„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციებს და წინასაარჩევნოდ გამოვლენილი დარღვევების შეფასებებს გაეცანით პირველ შუალედურ ანგარიშში, ვებგვერდზე www.isfed.ge. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები შეგიძლიათ იხილოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ არჩევნების პორტალზე: www.electionsportal.ge



ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.