ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკა (კვლევა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოების ფართო წრის განხილვის და დებატების საგანი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წლების მანძილზე მრავალი პრობლემის წინაშე იდგნენ, მათ შორის, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა ადგილობრივი საჭიროებების სწორად განსაზღვრა და მათი გადაჭრისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების გენერირება, იმისათვის რომ ადგილობრივ დონეზე სერვისის მიწოდების ხარისხი ეფექტური და დროული ყოფილიყო.
ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მონაწილეობით დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან. თვითმმართველობის სფეროში არსებული პრობლემები ძირეული ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომელიც მომზადდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებთან დაკავშირებით ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრება გამოითქვა, რომლებიც, ძირითადად, ამ სიახლეების დანერგვის შემთხვევაში ქვეყნისთვის მოსალოდნელ საფრთხეებს შეეხებოდა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობის კოდექსით შემოთავაზებულ გარკვეულ სიახლეებს შეიძლება სეპარატიზმის საფრთხე გამოეწვია. დისკუსიების და განხილვების შედეგად კოდექსის პროექტის თავდაპირველ ვერსიაში მოცემული რამდენიმე არსებითი სიახლე ამოღებულ იქნა, ან შეიცვალა რამაც ასევე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა თავად რეფორმის განხორციელების ეფექტურობის თაობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები