2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის და უახლესი დარღვევები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 80 მობილური ჯგუფი.  დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 15 ივნისის არჩევნები რიგით მერვეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასებისა და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:
 ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 349 საარჩევნო უბანზე; 
 11 თვითმმართველ ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები - 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები

,,სამართლიანი არჩევნების’’ PVT მონაცემებით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის შეადგინა 34.4%  . აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 6%-ით დაბალია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობასთან (40.4%) შედარებით.

17:00 საათისთვის, ,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა: თბილისი - 29.1% +/-0.5% ცდომილების ხარისხით  (თბილისში აქტივობა დაბალი რჩება ქვეყნის მასშტაბით აქტივობის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით); მცხეთა-  43%, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით აქტივობის საშუალო მაჩვენებელი; რუსთავი - 28%; გორი -  27%; ახალციხე - 33%; თელავი -  31%; ბათუმი - 29%; ოზურგეთი - 40%; ქუთაისი- 24%; ზუგდიდი - 24%; ფოთი - 35%; ამბროლაური - 46%, რაც რჩება თვიმმართველ ქალაქებში დაფიქსირებულ აქტივობებს შორის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად.  
დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 1  ფაქტი:  კრწანისის #24 საარჩევნო უბანზე ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიეცა უფლება, გაეკეთებინა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში;
არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 ფაქტი: ზუგდიდის  #62 და გორის # 42 საარჩევნო უბნებზე;
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის  2 ფაქტი:  გორის #1 და #3  საარჩევნო უბნებზე;
მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის  4 ფაქტი: ხულოს #12, კასპის #7, ბათუმის  #39, ახალციხის  #6 საარჩევნო უბნებზე;

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 8  ფაქტი: ქუთაისის #80, #17, #47, #92,# 27, დიდუბის #17,  გურჯაანის #39  და გორის  #2 საარჩევნო უბნებზე; 
ამომრჩევლის სიაში არ ყოფნის 4 ფაქტი:  ქუთაისის #26, ბათუმის #41,  #7, #37 უბნებზე;
ბიულეტენის არ დამოწმების 3 შემთხვევა: ახალციხის #8;  ხულოს #12 და ბათუმის #66 საარჩევნო უბნებზე;

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 14 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 48 საჩივარი.

,,სამართლიანი არჩევნები’’ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა  PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.
“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 21:30 საათზე.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.