2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წინასაარჩევნოდ მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან

შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე.  

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას: ბათუმში, ანაკლიაში, თელავში, წყალტუბოსა და თბილისში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული შეხვედრების ჩაშლის მცდელობას.

ინციდენტებისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მანქანებისათვის კვერცხების სროლას. მედია იუწყება, რომ ადგილზე შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საშუალება არ მისცეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაეტარებინათ. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს ინციდენტის ფონზე წარიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  შიდა პარტიული შეხვედრა  ახალციხეშიც.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა  და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ და ცივილიზებულ გარემოში ჩატარება ხელისუფლების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ მოუწოდებთ:

თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში  თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს;

პოლიტიკურ გაერთიანებებს - უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და არ დაუშვან მათი მხარდამჭერების მიერ სხვა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული შეხვედრაზე დასწრება კონტრ-აგიტაციის ორგანიზების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და არჩევნებში ჩართულმა 
ყველა სუბიექტმა შეფერხების გარეშე შეძლოს ამომრჩევლებთან კონტაქტი;

სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აღკვეთა, ასევე ძალადობრივი აქტების  ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება; ამ მიზნით მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება; 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას - წინა წლების მსგავსად, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაცია და მოუწოდოს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არ შეაფერხონ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები;

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - უზრუნველყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
 


საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნები (ISFED)