არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან დედაქალაქის ბიუჯეტის მიღებას
თბილისის საკრებულომ 7 მარტს 41 ხმით დედაქალაქის 780 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის განხილვის საკითხი 3 თვის განმავლობაში მერიასა და საკრებულოს შორის პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საკრებულოს და მერიას 11 მარტამდე კონსესუსის მიღწევისაკენ, რადგან ბიუჯეტის არმიღების შემთხვევაში, ამ ორგანოებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდათ და თვითმმართველობის არჩევნებამდე მთელი 3 თვის განმავლობაში პირდაპირი მმართველობის მექანიზმი ამუშავდებოდა, რაც ცალსახად უარყოფითად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, ჩვენი ორგანიზაციების დამკვირვებლებმა სხდომაზე გარკვეული საპროცესო დარღვევები დააფიქსირეს, კერძოდ, არ გაკეთებულა დეტალური მიმოხილვა ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შესული ცვლილებებისა, არც მერიის, არც საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან. ამასთანავე, ბიუჯეტის საბოლოო ვერსია მხოლოდ ერთ დეპუტატს ჰქონდა კენჭისყრისას. მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარის მისამართით, ერთი დღით გადადებულიყო პროცესი, რათა თითოეულ დეპუტატს შეძლებოდა დეტალურად გაცნობოდა საბოლოო ვერსიას და ხმა მათ ხელთ არსებული ვერსიისთვის მიეცათ, რეაგირება არ მოჰყოლია.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმებიან დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებას, თუმცა იმედოვნებენ, რომ მომავალში საკრებულო და მერია საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება და შესაძლებელი იქნება ამგვარი პროცედურული დარღვევების თავიდან აცილება.