არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის აწევის შესახებ
ჩვენ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მივესალმებით მმართველი კოალიციის მზაობას თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევის შესახებ.
როგორც ცნობილია, მმართველი ძალის თავდაპირველი გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლების არჩევნებისთვის 33%-იანი ბარიერი წესდებოდა, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიზიარებდით და ყველა არჩევითი თანამდებობის პირისთვის (გამგებლები/მერები) 50%-იანი ბარიერის დაწესებას ვითხოვდით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაცილებით უფრო კომპლექსური ხასიათისაა და საარჩევნო სისტემის სრულად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ კვლავ პრობლემატურად რჩება საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, რაც ვერ უზრუნნველყობს ერთი ხმის თანასწორობის პრინციპსა და ამორჩევლის მიერ გამოხატული ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში.
ვთვლით, რომ ხელისუფლებამ მეტი მზაობა უნდა გამოხატოს მასშტაბური ცვლილებებისთვის, ვინაიდან მხოლოდ ბარიერის გაზრდა სისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.
სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
- მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი ხმის თანაბარი წონის პრინციპი;
- მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის მთლიანად ამოღება, რადგან აღნიშნული პროცედურა წინააღმდეგობაში მოდის პირდაპირი არჩევნების პრინციპთან და მნიშვნელოვნად აკნინებს მის მნიშვნელობას;
- თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს და რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული კოდექსი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან.
მიუხედავად შემჭიდროებული ვადებისა, ვფიქრობთ, რომ ცვლილებების პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა გაეგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს ამ უკანასკნელის მხრიდან შესაბამისი შეფასებები, რომლებიც, იმედი გვაქვს გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების მიერ.
ჩვენ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ დისკუსიისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისფლება საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე, კიდევ ერთხელ გადახედავს საკუთარ პოზიციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.