გამოხმაურება რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით
გუშინ, 10 მაისს რუსთავი 2-ის გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“, წინასწარი დაანონსების შემდეგ, ეთერში გადაიცა ხელისუფლების ლიდერებს, ამჟამად ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები. ჩანაწერების გავრცელებას წინ უძღოდა მთავარი პროკურატურის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კერძო კომუნიკაციის გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. მსგავსი განცხადება გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შენახვით, ტელეკომპანია სისხლის სამართლის კოდექსს არღვევს.
ამ განცხადებების ჩანაწერების გასვლამდე წინსწრებით გაკეთება ცალსახად შესაძლოა აღქმული იყოს რუსთავი 2-ის მისამართით ერთგვარ გაფრთხილებად, არ გაეშვა ეთერში მოპოვებული ფარული ჩანაწერები. რუსთავი 2-ის ეთერში სატელეფონო საუბრების გასვლიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით მთავარმა პროკურატურამ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებას კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, იწყებს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ განცხადებიდან არ არის ბოლომდე ნათელი, თუ ვის მიმართ დაიწყო საგამოძიებო ქმედებები პროკურატურამ: რუსთავი 2-ის თუ იმ პირ(ებ)ის, ვინც ეს ჩანაწერები მოიპოვა და შემდეგ რუსთავი 2-ს გადასცა.
ხელმომწერი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების გამო მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაუშვებელია, რადგან რუსთავი 2-ს, ამ შემთხვევაში, იცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც:
პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს (მუხლი 12/2);
კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად (მუხლი 12/3).
ტელეკომპანიის ქმედებები ასევე სრულ შესაბამისობაშია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან“ (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილება), რომელიც ადგენს, რომ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია, როდესაც:
მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (მუხლი 35/14);
კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება (მუხლი 35/15).
მედიის თავისუფლების მაღალ სტანდარტებს აწესებს თავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის 50-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ხოლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონის მიხედვით:
ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს … ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას (მუხლი 3);
პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება (მუხლი 11/1);
ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკანასკნელ დღეებში რუსთავი 2-ის მისამართით გაჟღერებული კომენტარები, მათ შორის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის ვიცესპიკერ მანანა კობახიძისა და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებები, საფრთხეს უქმნის გამოძიების მიუკერძოებლად ჩატარებას. ასევე, მნიშვნელოვანია პროკურატურამ განმარტოს, თუ ვის მიმართ არის საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კერძო კომუნიკაციის მოპოვება და გავრცელება). ამასათან, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ საგამოძიებო ქმედებები სწორედ რუსთავი 2-ის მიმართ დაიწყო, ეს შექმნის მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელ პრეცედენტს. ეს ყოველივე კი გააჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მთავარი პროკურატურის ქმედებები მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ ხელისუფლებისთვის არასასიამოვნოა თავად რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების შინაარსი და ადგილი აქვს დანაშაულის გადაფარვის მცდელობას.
ვფიქრობთ, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა იმ პირების ჩაწერას, ვინც რუსთავი 2-ის ხელთ არსებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ. დაუშვებელია მედიასაშუალების წინააღმდეგ ნებისმიერი დამსჯელი ქმედების გატარება ამ ჩანაწერების გასაჯაროების გამო, რადგან მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)