2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

ჩვენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას. 
სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტი არ ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა   სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარებას. 

მოქმედი საარჩევნო სისტემა მრავალი წელია არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების კრიტიკის ობიექტია, რადგანაც:

 საკრებულოს არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში; 
 არსებული სისტემით ხდება ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა, რადგანაც გამარჯვებული შეიძლება გახდეს კანდიდატი, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა; 
 არ არის უზრუნველყოფილი ერთი ხმის თანაბარი წონის  პრინციპი, რადგანაც სიდიდით განსხვავებული საარჩევნო ოლქები საკრებულოში თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებს ირჩევენ. 
 არსებული სისტემა მმართველ გუნდს არჩევნებში უსამართლოდ დიდ უპირატესობას აძლევს.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, ინტერფრაქციულ ჯგუფს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შევთავაზეთ რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო, კერძოდ: მერისა და გამგებლების არჩევა თანაბარი, 50%-იანი ბარიერით და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აღნიშნული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ზემოაღნიშნული სისტემური ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნებს მხარს უჭერდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური გაერთიანება, რის შესახებაც ერთობლივი პეტიცია იქნა გავრცელებული.

საარჩევნო სისტემაში ამ პრინციპების მიხედვით ცვლილებას ითხოვდნენ დღეს მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიებიც 2011 წელს საპარლამენტო არჩევნების  წინ, როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებოდნენ. 

მიუხედავად ჩვენს მიერ შეთავაზებული არაერთი წინადადებისა, სამწუხაროდ, ინტერფრაქციულ ჯგუფში  მმართველი კოალიციის მიერ არ მოხდა არც ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი  რეკომენდაციის გაზიარება. მეტიც, ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც ერთი წონადი არგუმენტი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემური ცვლილებების საწინააღმდეგოდ.  მმართველი კოალიციის მიერ მომზადებული ცვლილებები კი ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული სისტემური ნაკლოვანებების აღმოფხვრას. უფრო მეტიც, შემოთავაზებული ცვლილებებით დადგენილია განსხვავებული საარჩევნო ბარიერი გამგებლისა და მერის არჩევნებისთვის, რაც სრულიად გაუგებარი ინიციატივაა და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების მოსახლეობის არჩევანს არათანაბარ პირობებში აყენებს. უფრო მეტიც, უქმდება კანონის  მოქმედი ნორმა და საინიციატივო ჯგუფებს აღარ ექნებათ უფლება მერობისა/გამგებლის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინონ, რითიც ხდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფა.

სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ ცდილობენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შეჯერებას.  მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას და მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს.