მზად ვართ ჩავერთოთ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში თბილისელების ინტერესების დასაცავად
ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოება თვალს ადევნებს ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის დავას დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. 31 იანვარს ამ თემაზე თბილისის საკრებულოში შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა აეხსნა ბიუჯეტის არმიღების მიზეზები.
იმის გამო, რომ პროცესი ჩიხშია შესული და აღნიშნული ფაქტი უარყოფითად აისახება თბილისის მერიის მუშაობასა და მოქალაქეების ინტერესებზე, მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩავერთოთ თბილისი მერიასა და საკრებულოს შორის მოლაპარაკებებში, ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესებში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესები და უმოკლეს ვადებში დამტკიცდეს დედაქალაქის ბიუჯეტი. პროცესის შემდგომმა გაჭიანურებამ შესაძლოა მნიშვნელოვანად შეაფერხოს მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება.
ჩვენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მზად ვართ შევხვდეთ, როგორც საკრებულოს, ისე მერიის წარმომადგენლებს, მოვისმინოთ მათი კონკრეტული არგუმენტები და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება გავუწიოთ კონსენსუსის მიღწევაში. ჩვენი ერთადერთი სურვილია, კონკრეტული პროფესიული რჩევების მიცემით ხელი შევუწყოთ პოზიციების შეჯერებას და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტის დროულ დამტკიცებას.