NGO-ები თბილისის მერიაში საჯარო მოხელეების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს გმობენ
გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას მათი უკანონოდ გათავისუფლებისა და სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის ,,ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც.
როგორც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ორმა სპეციალისტმა და ამავე სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსმა განგვიცხადეს, მათი და სხვა კოლეგების მიმართ მსგავსი ზეწოლა თავდაპირველად აგვისტოს ბოლოს, ხოლო განმეორებით - სექტემბრის დასაწყისში განხორციელდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - გეგი ნიჟარაძისა და მისი პირველი მოადგილის - დავით მედულაშვილის მიერ. მათი განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის პირები კაბინეტში თანამშრომლებს ნებაყოფობითი გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებს ახვედრებენ ხელმოსაწერად. აღნიშნული საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ განცხადების ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში სამსახურის უფროსისგან ხორციელდება მუქარა მათი საქმეების საგამოძიებო ორგანოების მიერ შესწავლის თაობაზე.
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის მხრიდან ზეწოლის თაობაზე საუბრობენ ამავე გამგეობის თანამშრომლები. მათი განცხადებით, გამგებლის მხრიდან ადგილი აქვს თანამშრომელთა შეურაცხყოფას, დამცირებას და იძულებას პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური. გამგებლის მოადგილის განცხადებით, გამგებელმა მას პირადი შვებულების სანაცვლოდ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ასევე, აიძულებდა თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებით იმუქრებოდა. როგორც გამგებლის მოადგილე მიუთითებს, მან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა იმ იმედით, რომ სხვა თანამშრომლებს აღარ გაათავისუფლებდნენ, თუმცა გათავისუფლებები მაინც გაგრძელდა. ასევე, დიდუბის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის განცხადებით, ირმა ზავრადაშვილმა მას სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა და განუცხადა, რომ ვინაიდან ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ იყო, დიდუბის რაიონის გამგეობაში ვერ იმუშავებდა.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მსგავსი ზეწოლის შედეგად, საკუთარი განცხადების საფუძველზე რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა უკვე დატოვა თანამდებობა. ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ მსგავსი საქმეების შესწავლას, ასევე, მერიიდან გამოთხოვილია საჯარო ინფორმაცია გათავისუფლებულებთა ზუსტი სტატისტიკის თაობაზე.
აღნიშნული ფაქტების თაობაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ქ. თბილისის მერს, დავთ ნარმანიას პირადად ესაუბრნენ. მერი კატეგორიულად გამორიცხავს მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირების მიერ მსგავსი ქმედებების განხორციელებას. მისი განცხადებით, ცალკეული მოხელეები თავს არიდებენ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ან არაჯერობნად ასრულებს მას, რაც ხდება მათი განთავისუფლების საფუძველი. იგი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაგვპირდა თითოეული ფაქტის გადამოწმებას.ასევე, დასახელებული სამსახურების უფროსებთან შეხვედრის ორგანიზებას.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ადგილი მოხელეთა მხრიდან საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებას, ან უფლებამოსილების გადამეტებას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში გათავისუფლების საფუძველი დასაბუთებული უნდა იყოს მერიის მხრიდან და გათავისუფლებულ მოხელეებს ჰქონდეთ მათი გადაწყვეტილებების კანონიერი გზით გასაჩივრების უფლება. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, მოხელეთა მიმართ სავარაუდოდ ხორციელდება ზეწოლა გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებების დაწერის მოთხოვნით.
იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსი 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე".
• მოვუწოდებთ თბილისის მერს და შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ სათანადო რეაგირება სავარაუდოდ პოლიტკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი უკანონო ქმედება (ზეწოლა, მუქარა, დაშინება), რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მერიის თანამშრომლების მიმართ უნდა იყოს დროულად, ეფექტურად და მიუკერძოებლად შესწავლილი, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს;
• ასევე, მოვუწოდებთ, თბილისის მერიას დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს (გაავრცელოს) ინფორმაცია 2014 წლის ივლისიდან დღემდე თბილისის მერიისა და მის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა სია, გათავისუფლების მოტივების მითითებით;
• მსგავსი ფაქტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით, მოვუწოდებთ ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნოთ და დაუკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციების სათაო თუ რეგიონულ ოფისებს.
ჩვენი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება: 237 28 82; pr@isfed.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: 295 23 53; 299-50-76 gyla@gyla.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო: 292 14 03 gigi@transparency.ge