2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

“სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს ბრალდებებს პასუხობს

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 23 ივნისს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა  განცხადება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციას პრობლემურ საარჩევნო უბნებზე შედეგების ხელახალი გადათვლისკენ მოუწოდა. პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაცია, ასევე, ითხოვდა ხელახალ გადათვლაზე დაინტერესებული მხარეების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიწვევას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა იმ საარჩევნო უბნების სია, სადაც ბათილი ბიულეტენების საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ორგანიზაციამ ცესკოს რეკომენდაციით მიმართა გადაეთვალა 66 საარჩევნო უბნის 109 შედეგების შემაჯამებელ ოქმის შედეგები, სადაც ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 15% ან  მეტი შეადგინა (დანართის სახით იხილეთ აღნიშნული უბნების ჩამონათვალი).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ მიერ შესწავლილ იქნა 66 საარჩევნო უბნის 109 შემაჯამებელი ოქმი და ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობის მიზეზად რამდენიმე გარემოება დასახელდა, მათ შორის, ცესკოს ინფორმაციით, 63 საარჩევნო უბნის შემთხვევაში უმეტესწილად ამომრჩევლებმა შემოხაზეს ერთზე მეტი კანდიდატი, ან გადახაზეს ყველა კანდიდატი. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მხოლოდ ერთი სახის ბიულეტენით და დანარჩენი ორი ცარიელი დატოვეს.
 
სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული მიზეზების შესწავლა, კერძოდ, მოხდა თუ  არა ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლა, თუ ცესკო საკითხის შესწავლის დროს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ზეპირ ახსნა-განმატებას დაეყრდნო. მიუხედავად ჩვენი რეკომენდაციისა, „სამართლიანი არჩევნები“ და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ იყვნენ მიწვეულნი ფაქტების გამოკვლევისა და შესწავლის პროცესზე მონიტორინგის განსახორციელებლად. 

2 ივლისს, აღნიშნული საკითხის ერთობლივი განხილვის დროს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენს მოწოდებას, გადათვლილიყო აღინიშნული უბნები, „მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა“ უწოდა და არაკომპეტენტურობაში დაგვდო ბრალი. მიგვაჩნია, რომ ნაცვლად სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკისა, ცესკოს მიერ საკუთარი ინიციატივით პრობლემური უბნების გადათვლა გააქარწყლებდა იმ ეჭვებს, რომლებიც არჩევნებში ჩართულ სხვადასხვა მხარეს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საფუძვლიანად გაუჩნდათ დიდი რაოდენობის ბათილი ბიულეტენებისა და არასათანადოდ შედგენილი შედეგების შემაჯამებელი ოქმების გამო.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ,,სამართლიანი არჩევნები“ ვერ გაიზიარებს ცესკოს ზოგიერთი წევრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ  სადამკვირვებლო ორგანიზაციები  ჩასაფრებულ პოზიციაში იმყოფებიან საჩივრების წარდგენის დროს და ცდილობენ ნებისმიერი უმნიშვნელო ფაქტი თუ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციაში და/ან სასამართლოში. 

გვსურს, ცესკოს ცალკეულ წევრებს შევახსენოთ, რომ სადამკვირვებლო მისია ვალდებულია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს  საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნებისმიერი სახის დარღვევაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან საჩივრების დაწერა და ნებისმიერი სხვა სახის რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე უმთავრესად ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: 1. ხელი შევუწყოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არაკომპეტენტური კადრების გამოვლენაში, რომ, ერთის მხრივ, მომავალში მოხდეს მათი ჩანაცვლება კვალიფიციური კადრით და მეორეს მხრივ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მოსამზადებელ ტრენინგებზე აქცენტი გაკეთდეს ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე; 2. შევიმუშაოთ რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით. 

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული არჩევნების დაკვირვების სტრატეგიის თანახმად, დამკვირვებელი დარღვევის აღმოჩენისთანავე ზეპირ მითითებას აძლევს საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მოახდინონ დარღვევაზე რეაგირება. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, დარღვევის თავიდან აცილების შემთხვევაში, მხოლოდ შენიშვნა ფიქსირდება ჩანაწერთა წიგნში. დამკვირვებელი საჩივარს წარადგენს მაშინ, როდესაც დარღვევაზე არ ხდება ადეკვატური რეაგირება კომისიის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიერ 79  მსგავსი შენიშვნა დაფიქსირდა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, რაც იმას მოწმობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა რეაგირება მოახდინეს რიგ დარღვევებზე და შესაბამისად, საჩივრის წარდგენა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. შენიშვნების გარდა, ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 160 საჩივარი. წარდგენილი საჩივრების მოთხოვნები უმეტეს შემთხვევაში ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი საჩივრების საფუძველზე 200-მდე  კომისიის წევრს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობა. 

ცხადია, რომ 15 ივნისის არჩევნებზე გამოვლინდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის დაბალი დონე, რაც განსაკუთრებით შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესში გამოიხატა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 500-მდე შემაჯამებელ ოქმს აკლდა სავალდებულო რეკვიზიტები, ასევე 500-ზე მეტ შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას ან რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად იყო ნაკლები არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ამასთან, ზოგიერთ შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო  ერთი ან ერთზე მეტი მონაცემი. აღნიშნული შემაჯამებელ ოქმების უმრავლესობას მოგვიანებით დაერთო შესწორების ოქმები. თუმცა, ვთვლით, რომ მოცემული ახნა-განმარტებები და დასახელებული მიზეზები ხშირ შემთხვევაში არ ემყარება დასაბუთებულ არგუმენტებს.  

სამწუხაროა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრების მხრიდან წუხილის საგანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების „არაკომპეტენტურობა“ აღმოჩნდა. ნაცვლად რეალურ პრობლემებზე მსჯელობისა, ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკით შეეცადა ყურადღების გადატანას მნიშვნელოვანი პრობლემებიდან, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა.  

იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოიჩენს კრიტიკისადმი კონსტრუქციულ მიდგომას, გამოავლენს პროფესიონალიზმსა და საქმისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას და ყველა ღონეს იხმარს, რათა მისი საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში მაღალი ნდობა არსებობდეს, რაც თავის მხრივ, განაპირობებს საარჩევნო პროცესისადმი სანდოობას. 


დანართი: