თვითმმართველობის დროა - ISFED მრგვალ მაგიდებს მართავს
5, 6, 7 და 10 ნოემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოებამ“ კამპანია „თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში ბოლნისში, სენაკში, ქუთაისსა და რუსთავში ჩაატარა მრგვალი მაგიდები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და მერიის წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.
შეხვედრაზე მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ და აღნიშნულ იქნა, რომ აუცილებელია და მიესალმებიან მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას თვითმმართველობის პროცესებში.
აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის "თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.