2016 საპარლამენტო არჩევნები

უბნის გახსნის და მოწყობის პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალემენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.

ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდი იყენებს სტატისტიკის მეთოდოლოგიას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ICT).  ISFED-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 600 დამკვირვებელი მიავლინა.  PVT მეთოდოლოგია გვაწვდის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობის შესახებ. PVT ერთადერთი მეთოდოლოგიაა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. ეს მეათე არჩევნებია, რომელშიც ISFED იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასების და ოფიციალური შედეგების გადამოწმებისათვის.





via GIPHY

ძირითადი დასკვნები

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის  2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა.

დეტალური ინფორმაცია PVT შედეგებზე დაყრდნობით

,სამართლიანმა არჩევნებმა’’ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 100% -სგან მიიღო. 

,,სამართლიანი არჩევნების’’ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს. ეს მონაცემი ემთხვევა 2014 წლის მონაცემს. 

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2%   მაშინ, როცა 2012 წელს არ იყო მზად უბნების 8.8%, ხოლო 2014 წელს - 1.3%. აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მცირედი დაგვიანებით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

      

via GIPHY

დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

 #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი)  #96 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაგვიანებით შეუშვეს უბანზე იმ მიზეზით, რომ აკრედიტაციას არ ჰქონდა ბეჭედი;

 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #5 საარჩევნო უბანზე  7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, კერძოდ, უბნის გახსნის პროცედურებზე დასაკვირვებლად, საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები.

საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურასთან დაკავშირებული ხარვეზები

 #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5-ე და #49 მაჟორიტარული ოლქის  (ქუთაისი) #70 საარჩევნო უბანებზე საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანეს;

 #70 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #58 საარჩევნო უბანზე  საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა;

 #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5 საარჩევნო უბანზე  საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით, კერძოდ, ორი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ჩააგდეს;

 #35 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #14 საარჩევნო უბნის გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იქნა მოთავსებული.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

 #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #11 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების  ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რაც აღმოიფხვრა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ;

 #25 მაჟორიტარული ოლქის (სიღნაღი) #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ხელმოწერითა და ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა;

 #31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი)  #31-ე, #42 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #32-ე, #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #34-ე და #60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) #2-ე საარჩევნო უბნებზე  საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმებში  შესაბამისი მონაცემები არ შეიტანა;

 #69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბულეტენები სხვადასხვა კონვერტში მოათავსა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

 #44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) #24 საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალით გამოცხადდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა.
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე

 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო)  #9  საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;

 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #26 საარჩევნო უბანზე  ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ამომრჩეველთა რაოდენობას უბანზე, რაც გამოსწორდა დამკვირვებლის მითითების შემდეგ.

წარდგენილი საჩივრები

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 19 საჩივარი, ხოლო,  საოლქო კომისიებში 12 საჩივარი.  ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 30 შენიშვნა.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სატელეფონო ზარებისა მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.



“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);

დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.












სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირისა (EU) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).   განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის ან NED-ის  შეხედულებებს.