2016 საპარლამენტო არჩევნები

კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალემენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.

ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რაც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.  

ძირითადი დასკვნები კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ

„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა. ცალკეულ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე. 

მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საარჩევნო პროცედურების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტებს არ შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. 

დეტალური ინფორმაცია PVT შედეგებზე დაყრდნობით
                    
 

საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 98%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით, შესაბამისად უბნების 2%-ზე საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია არ მოსთხოვეს ცალკეულ ამომრჩევლებს.  აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2014 (97,7%) წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებთან (97%).


საარჩევნო უბნების 97%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც იდენტურია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან, როდესაც  მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 97.3%-ზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარკირება, ასევე, შემოწმდა უბნების 97%-ზე; 

               



საარჩევნო უბნების 98%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც წარმოადგენს მცირედ გაუარესებას 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, რა დროსაც ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა უბნების 99.7%-ზე, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს - უბნების 97%-ზე. 

საარჩევნო უბნების 98.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც წარმოადგენს მცირე გაუმჯობესებას 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, როდესაც  მარკირება გაკეთდა საარჩევნო უბნების 96%-ზე და ასევე 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 93%-ზე; 

საარჩევნო უბნების 95%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. აღნიშიშნული 2014 წლის მაჩვენებლის მსგავსია  და მცირე გაუარესებას წარმოადგენს 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. კერძოდ, 2014 წელს ხმის მიცემის ფარულობა უბნების 96.3%ზე და 2012 წელს უბნების 98%-ზე ყოველთვის იყო დაცული.

მუქარისა და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მხოლოდ 1%-ზე. ეს მონაცემი სტატისტიკურად არ განსხვავდება 2014 წლის არჩევნების მონაცემთან, როდესაც 1.3%-ზე დაფიქსირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები და გაუმჯობესებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც ეს მონაცემი შეადგენდა 4%-ს.

19:00 საათის შემდგომ დაფიქსირებული დარღვევები

19:00-დან 22:00 საათამდე ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემდეგი დარღვევები: 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

 #70 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #58 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს დაკვირვების თავისუფლად განხორციელებაში;

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება

 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #28 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი ცალ-ცალკე კონვერტებში ჩადო და ისე მოათავსა საარჩევნო ყუთში;
 #43 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ხელმოწერების რაოდენობასთან შედარებთ 3-ით ნაკლები ბიულეტენი ჰქონდა გაცემული;
 #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #49 საარჩევნო უბანზე ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქების ნომრები არ ემთხვევა ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულ ლუქების ნომრებს;
 #61 მაჟორიტარული ოლქის (ფოთი) #27 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთიან სიაში ხელი არ მოაწერა შესაბამის გრაფაში;
 #72 მაჟორიტარული ოლქის (ხელვაჩაური) #1 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არ მოსთხოვა საარჩევნო სიაში ხელმოწერის დაფიქსირება;
 #73 მაჟორიტარული ოლქის (ხულო) #1 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი მაჟორიტარული ბიულეტენი გადასცა;
 #68 მაჟორიტარული ოლქის #13 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა გასცა ორი მაჟორიტარული ბიულეტენი; 
 #68 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა საარჩევნო ყუთში;
 #23 მაჟორიტარული ოლქი (საგარეჯო) #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა გასცეს ერთით ზედმეტი ბიულეტენი ამომრჩეველზე, რაც ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა;
 #23 მაჟორიტარული ოლქი (საგარეჯო) #37 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრმა მონაწილეობა მიიღო, ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში, თუმცა არ იყო იმ ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი;
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #33 საარჩევნო უბანზე სამმა რეგისტრატორმა სიაში ამომრჩევლის გრაფაში მოაწერეს ხელი;
 #34 მაჟორიტარული ოლქის (დმანისი) #32 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში ბიულეტენები მოთავსებული იყო კონვერტების გარეშე.
 #60 მაჟორიტარული ოლქის (ლანჩხუთი) #19  საარჩევნო უბანზე ფანქრით ივსება სადემონსტრაციო ოქმი, რაც დამკვირვებლის მითითების მიუხედავ არ აღმოიფხვრა.

მარკირების არ გაკეთება/არ შემოწმება

 #46 მაჟორიტარული ოლქის #26 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი  მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს, თუმცა დამკვირვებლის მითითების შედეგად დარღვევა აღმოიფხვრა. 
 #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #21 საარჩევნო უბანზე და #62 მაჟორიტარული ოლქის #16 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; 

სიასთან დაკავშირებული ხარვეზები:

 #29 მაჟორიტარული ოლქის (რუსთავი) #73 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა 1 ოქტომბერს არ იყო შეტანილი სიაში და შესაბამისად, ამომრჩეველმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ასევე, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, ბიულეტენებზე არ იყო ნომრები მითითებული, ბიულეტენების შეკვრას აკლდა ბიულეტენი ან მეტი იყო. 

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 81 საჩივარი, 75 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 139 შენიშვნა.

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

„სამართლიანი არჩევნების“  ხმების პარალელური დათვლის შედეგებს  9 ოქტომბერს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირისა (EU) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).   განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის ან NED-ის  შეხედულებებს.