2016 საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგს ოფიციალურად იწყებს. 21 ივნისს ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს თუ რა ვითარებაში დაიწყო 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია. 

მიუხედავად არაერთი ინიციატივისა, კვლავაც ვერ მოხერხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამას გარდა, ბოლომდე არ არის მიყვანილი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტები. მართალია, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზები საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისა და საოლქო კომისიების მიერ საჩივრების განხილვისას არაერთგვაროვანი მიდგომების კუთხით. 

წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება. მედია გარემოს კუთხით კითხვებს აჩენს ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავები და რამდენიმე თოქ-შოუს დახურვა. წინასაარჩევნო პერიოდში პრინციპულად მნიშვნელოვანია, მმართველი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა.

წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ:

 დროულად უნდა მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიღება, რათა საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად და ინფორმირებულად განხორციელებს შესაძლებლობა;
 დარჩენილ სასესიო ვადაში უნდა მოხდეს იმ კანონპროექტების მხარდაჭერა, რომელიც არა ზედაპირულად, არამედ არსებითად აუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს;
 ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება;
 პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ მათი მხარდამჭერების მიერ  ოპონენტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის, მისი პროვოცირებისა და წახალისების თავიდან აცილება;
 საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანების ერთგვაროვანი ინტერპრეტირება და ჩართული მხარეების ინფორმირება;
 უზრუნველყოფილი უნდა იყოს საარჩევნო პროცესების მრავალმხრივი, განსაკუთრებით კრიტიკული გაშუქება. უნდა გამოირიცხოს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში პოლიტიკური და ხელოვნური ჩარევის ნებისმიერი მცდელობა.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდს 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკვირდება. ორგანიზაციის დაკვირვების საგანი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობა, პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთან შეხვედრები, სავარაუდო წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტები, როგორიცაა ზეწოლა/მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ საარჩევნო მიზნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები. წინასაარჩევნო პერიოდის პროცესების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ პერიოდული შუალედური ანგარიშებისა და განცხადებების საშუალებით მიაწვდის. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კვლავ იმუშავებს, არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალი - www.electionsportal.ge. ვებ-გვერდის მეშვეობით „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წინასაარჩევნო ინციდენტებს სპეციალურად შექმნილ რუკაზე აღრიცხავს. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ასევე შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ვებ-პორტალის ან SMS-ის საშუალებით უფასო ნომერზე 90039




პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.