2016 საპარლამენტო არჩევნები

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პეროდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2016 წლის 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. 

საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო  საქმიანობა უფრო ინტენსიური გახდა.  ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ 114 შეხვედრას დააკვირდნენ. 

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევებმა, რომლებზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან  არასათანადო რეაგირება საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.




2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში by Tuta Chkheidze on Scribd