2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ დაბალი იქნება
სამუშაო ჯგუფმა ,,ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში’’ 2016 წლის 12 სექტემბერს პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო სიების გენდერული ანალიზის პირველად შედეგები. 2016 წლის 8 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტებმა წარუდგინეს საბოლოო სიები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. სამუშაო ჯგუფმა გენდერულ ჭრილში გაანალიზა შვიდი საარჩევნო სუბიექტის სიები: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უსუფაშვილი - რესპუბლიკელები, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა და დავით თარხან-მოურავი, ირმა-ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია.
ქალების წარმომადგენლობა რჩება დაბალი როგორც პარტიულ სიებში პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნებისთვის, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში. ეს ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპირებებს, რომ გააუმჯობესებდნენ ქალთა წარმომადგენლობას სავალდებულო გენდერული კვოტის მიღების გარეშეც.
სახელისუფლებო პარტიას პირველ ათეულში ჰყავს 4 ქალი, რაც მისასალმებელია. თუმცა მომდევნო ათეულებში უფრო ნაკლები ქალია.
აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო პარტიას და არც ყველაზე დიდ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას არ აქვს გამოყენებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, თუ სიის ყოველ ათეულში 30% მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ეს ე.წ. ფინანსური წახალისების ნორმა 2016 წლის არჩევნებისთვის გამოიყენა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა.
მაჟორიტარებად წარდგენილი ქალების რაოდენობა რჩება ძალიან ცოტა - ამ ეტაპზე წარდგენილი 7 საარჩევნო სუბიექტის 368 კანდიდატიდან მხოლოდ 44-ია ქალი ანუ 11.9%.
შენარჩუნებულია სამწუხარო ტრადიცია, როდესაც ქალები უმეტესად წარდგენილი არიან არაგამსვლელ პოზიციებზე (მაგალითად, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხს, რომელსაც მთლიანობაში 34 ქალი ყავს, მაგრამ პირველ ოცეულში არცერთი).
ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსური წახალისების მექანიზმი არის არაეფექტური და არ ემსახურება ჩვენ საბოლოო მიზანს, გაიზარდოს ქალების წარმომადგნელობა არჩევით საკანონმდებლო ორგანოში. ქალები რჩებიან ნაკლები რაოდენობით საპარლამენტო სიებში, უმეტესწილად არაგამსვლელ პოზიციებზე. 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობითობა დიდი ალბათობით იქნება მსოფლიო სტანდარტზე დაბალი. კიდევ ერთხელ დადასტურდა სავალდებულო გენდერული კვოტის აუცილებლობა, რომელსაც სხვა ღონისძიებებთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოკლევადიან პერსპექტივაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.
სამუშაო ჯგუფი განაგრძობს გენდერული კვოტის ანუ დროებითი სავალდებულო მექანიზმის ადვოკატირებას, რათა მომავალი მოწვევის პარლამენტმა უზრუნველყოს ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
სამუშაო ჯგუფი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში შეიქმნა 2014 წლის თებერვალში და მას შემდეგ აწარმოებს სხვადასხვა საკითხების ადვოკატირებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით. სამუშაო ჯგუფს ეკუთვნის სავალდებულო გენდერული კვოტის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფდა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალების მინიმუმ 25 პროცენტიან წარმომადგენლობითობას.